
რუსული მედია: მოსკოვში თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანია დაღუპული
22/03/2024 18:55:32 მსოფლიო
22 მარტს, მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ ტელეგრამ–არხი 112 წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
არხის ცნობით, სულ მცირე, 40 ადამიანია დაღუპული, 100-ზე მეტი დაშავებული.
თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ საკონცერტო დარბაზში ცეცხლი ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის მიმდინარეობისას გახსნეს. ცნობილია, რომ 6 400 ბილეთი იყო გაყიდული. ასევე იუწყებიან სულ მცირე, ორი აფეთქების შესახებ, რასაც ხანძარი მოჰყვა. ცეცხლმა თითქმის 3 000 კვადრატული მეტრი მოიცვა. მეხანძრეები ვერ მუშაობდნენ, რადგან სპეცრაზმს ელოდნენ.
"ბაზამ" გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, რომელშიც ჩანს ორი შეიარაღებული პირი, მათგან ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ხსნის ცეცხლს, თუმცა რუსული სახელმწიფო სააგენტო "რია" სამი თავდამსხმელის შესახებ იუწყება. მედიის ნაწილი 20 თავდამსხმელის შესახებ წერს.
თვითმხილველების ცნობით, პანიკაში ჩავარდნილი ხალხი ბარიკადებს აგებდა და მინების ჩამსხვრევას ცდილობდა გადასარჩენად.
მედია წერს, რომ შენობაში შესაძლოა ათობით ადამიანი იყოს ჩარჩენილი.
თავად თავდამსხმელების შესახებ უცნობია.
ხანძრის ჩაქრობის პროცესში ავიაცია ჩართეს.