22-03-2024 19:40:45 თავდაცვა
რუსეთთან დაკავშირებული კიბერ ჯაშუშების ჯგუფის სამიზნე, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იყო. სადაზვერვო კომპანია Recorded Future –ს ანგარიშზე რადიო თავისუფლებამ გაამახვილა ყურადღება. კიბერშეტევის ფაქტი დაადასტურეს თავდაცვის სამინისტროშიც.
სადაზვერვო კომპანია Recorded Future 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერს, რომ ჯაშუშურმა ქსელმა TAG-70-მა 2023 წელს შეტევა მიიტანა ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამთავრობო და სამხედრო უწყებების სერვერებზე - ჯამში 80-მდე ორგანიზაციაზე. მიზანი შიდა ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება იყო.
Recorded Future-ს მკვლევრები მიუთითებენ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში კიბერთაღლითებს შექმნილი ჰქონდათ სამინისტროს თანამშრომლების ავტორიზაციის გვერდის მსგავსი ყალბი გვერდი, რომლიც მომხმარებელების მონაცემებსა და პაროლებს აგროვებდა.
თავდაცვის სამინისტრო რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ამ შეტევის შედეგად თავდამსხმელებს "რაიმე სახის საიდუმლო, კრიტიკული ინფორმაციის" გადინება არ მომხდარა.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მომხმარებლების მიმართ განხორციელდა ნულოვანი დღის ე.წ. ZERO DAY ტიპის შეტევა. აღნიშნული ტიპის შეტევა მიეკუთვნება კომპლექსური შეტევის ტიპს, რა დროსაც უსაფრთხოების ტექნოლოგიურ საშუალებებს უჭირთ შეტევის დადგენა, არამარტო საქართველოში.
მავნე აქტივობა, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა ჯგუფმა სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლიობით დროულად გამოავლინა და განახორციელა შესაბამისი ქმედებები საფრთხის გავრცელების მინიმიზების, აღმოფხვრისა და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული შეტევა დაფიქსირდა არამხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც.
შეტევის სამიზნე ინფრასტრუქტურაში არ არსებობდა რაიმე სახის საიდუმლო, კრიტიკული ინფორმაცია და ასევე, ინციდენტებზე რეაგირების დროს არ დადასტურებულა ამ სისტემაში არსებული ინფორმაციის გადინება" - აცხადებენ სამინისტროში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ნიურო აქტიურად თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ნატოსა და ევროკავშირთან კიბერმედეგობის გასაზრდელად.
თავდაცვის სამინისტროს არ დაუზუსტებია, როდის დაფიქსირდა მათ სისტემაში ჯაშუშური თავდასხმის ფაქტი.