
TI: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა და მისმა ოჯახმა 2022 წელს საჩუქრად 93 000 ლარი მიიღო
22/03/2024 14:26:48 საზოგადოება
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ტრისტან ბენაშვილის შემოსავლები შეისწავლა.
დეკლარაციის მიხედვით, ბენაშვილს ქონების სოლიდური ნაწილი ოჯახის წევრებისგან აქვს მიღებული. მათ შორის, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ორი უძრავ ქონებასა და მიწის ნაკვეთზე, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, მას მამამ აჩუქა.
"ბენაშვილის 2023 დეკლარაციის თანახმად, 2022 წელს მან მამისგან საჩუქრად 60 000 ლარი, მისმა მეუღლემ რუსუდან ძმანაშვილმა, ძმისგან 30 000 ლარი, ხოლო შვილმა ბებია-ბაბუისგან 3 000 ლარი მიიღეს. საინტერესოა, რომ 2018 წელს ტრისტან ბენაშვილს მამამ ორი უძრავი ქონება თბილისში, ხოლო ნატახტარში მიწის ნაკვეთი აჩუქა",– წერს TI და ხაზს უსვამს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, მათ შორის ტრისტან ბენაშვილის, კეთილსინდისიერება ევროკავშირის განსაზღვრული პირობების თანახმად უნდა გადამოწმდეს.