
ზელენსკი – მასირებულ თავდასხმაზე: პარტნიორებმა ზუსტად იციან, რა არის საჭირო
22/03/2024 10:14:42 მსოფლიო
22 მარტის ღამით და დილის განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა 60-ზე მეტი "შაჰედის" უპილოტო საფრენი აპარატი და 90-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს უკრაინის მასშტაბით, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამ–არხზე.
„მსოფლიო მაქსიმალურად ნათლად ხედავს რუსი ტერორისტების მიზნებს: ელექტროსადგურები და ენერგომომარაგების ხაზები, კაშხალი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები, ტროლეიბუსიც კი. რუსეთი ებრძვის ადამიანების ჩვეულებრივ ცხოვრებას“, - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, ელექტრომომარაგების აღდგენა გრძელდება: ხარკოვში ზაპოროჟიეს სუმის, პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ვინიცის, ივანო-ფრანკოვსკის რაიონებში, ხმელნიცკში.
„რუსულ რაკეტებს არ აქვთ შეფერხებები, როგორც ჩვენი სახელმწიფოს დახმარების პაკეტებს. "შაჰედებს" არ აქვთ გაურკვევლობა, როგორც ზოგიერთ პოლიტიკოსს. მნიშვნელოვანია გვესმოდეს დაგვიანებისა და გადავადებული გადაწყვეტილებების ფასი. "პეტრიოტის" სისტემებმა უნდა დაიცვან ხარკოვი და ზაპოროჟიე, საჰაერო თავდაცვა საჭიროა ხალხის, ინფრასტრუქტურის, სახლებისა და კაშხლების დასაცავად. პარტნიორებმა ზუსტად იციან, რა არის საჭირო. მათ ნამდვილად შეუძლიათ მხარდაჭერა. ეს გადაწყვეტილებები საჭიროა. სიცოცხლე დაცული უნდა იყოს ამ გამანადგურებლებისგან“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
დილით ადრე უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა რუსული რაკეტების გაშვების გამო. თავდასხმები, განსაკუთრებით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, დაფიქსირდა ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ხმელნიცკის და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონებში.