თურქეთში რუსული პასპორტის დაწვის გამო დაკავებული საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე თავისუფალია

22-03-2024 11:36:33 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე მარიამ ფესვიანიძე, რომელიც თურქეთში რუსული პასპორტის დაწვის გამო დააკავეს და საემიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს, თბილისში დაბრუნდა.

იუწყებიან, რომ მას რუსეთისთვის გადაცემა ემუქრებოდა, თუმცა ოჯახისა და საქართველოს საკონსულოს ძალისხმევით მოხა მისი საქართველოში ექსტრადირება.

„წინააღმდეგი ვარ იმ მოვლენების, რაც ხდება ახლა რუსეთში და, რა თქმა უნდა, უკრაინაში – ომის წინააღმდეგი ვარ, რომ დასრულდეს ეს უკრაინაში და ჩვენი სამშობლოც იყოს თავისუფალი, არ იყოს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარია დაკავებული რუსეთში და უნდა იყვნენ თავისუფლები. ყველაფერი, რაც ხდება, ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი ბოროტებაა თავისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ, პროტესტის ნიშნად დავწვი ჩემი რუსული პასპორტი“,– თქვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფესვიანიძემ.

ფესვიანიძემ პასპორტი 17 მარტს დაწვა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, სტამბულში, რუსეთის საელჩოს წინ. გარდა ამისა, მას ხელში ეჭირა ფურცელი, რომელზეც ეწერა, რომ პუტინი მკვლელია.

„მანამდე შევამოწმე თურქეთის ყველა კანონი და როგორც ვიცი, არანაირი კანონი არ დამირღვევია. მაგრამ როგორც თავიდანვე მითხრეს პოლიციაში, ჩემი შეცდომაა ის, რომ „ამ მთავარ ქუჩაზე პროტესტი საერთოდ არ შეიძლებაო“. ვუთხარი, რომ ეს იყო პერფორმანსი“,– იხსენებს ხელოვანი.

მამა, ლევან ფესვიანიძე დარწმუნებულია, რომ „არასასიამოვნო სიტუაცია“ შეიქმნა რუსული მხარის ზეწოლით, რადგან „ეწყინათ ის, რაც მოხდა“:

„როგორც ჩანს, რუსებმა ზემოქმედება მოახდინეს თურქებზე, რომ მარიამი დაესაჯათ რაც შეიძლება მკაცრად... თუ მარიამის ქმედებამ რუსეთის იმპერიას რაღაც ზიანი მიაყენა, ძალიან მიხარია, მაშინ ეს ყველაფერი ღირდა ამად“.

მარიამ ფესვიანიძე რუსეთში დაიბადა და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა. 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, მარიამი საქართველოში გადმოვიდა, საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო და მამის თქმით, სხვადასხვა პლატფორმაზე აქტიურად გამოხატავს საკუთარ პოზიციას რუსეთის პოლიტიკის მიმართ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები