
ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ბლოკში მისაღებად მოლაპარაკებებს იწყებს
22/03/2024 06:06:43 მსოფლიო
ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ბლოკში მისაღებად მოლაპარაკებებს იწყებს. გადაწყვეტილება 21 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მიიღეს.
ორდღიანი სამიტის პირველ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაწერა.
"ბოსნია და პერცეგოვინას ადგილი ევროპულ ოჯახშია და ევროკავშირისკენ მის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა. ახლა საჭიროა რთული სამუშაოს გაგრძელება წინსვლისთვის, როგორც ეს ხალხს სურს", – დაწერა მიშელმა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტამდე, 12 მარტს, ევროკომისიამ დაუჭირა მხარი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრების საკითხზე მოლაპარაკების დაწყებას.
ევროკავშირის ლიდერებმა 2023 წლის დეკემბერში გამართულ სამიტზე გადაწყვიტეს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკება დაიწყებოდა მას შემდეგ, რაც ქვეყანა მიაღწევდა ევროკავშირის კრიტერიუმების საჭირო დონეს დემოკრატიის, ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა სფეროებში. ევროკავშირის ლიდერებმა 2023 წლის დეკემბრის სამიტზე მიიღეს კანდიდატ ქვეყნებთან – უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება. ამ სამიტზე საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.