
გარემოს ეროვნული სააგენტო: აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება დედაქალაქში ბევრ ლოკაციაზე ფიქსირდება
21/03/2024 14:20:08 საზოგადოება
„გარემოს ეროვნული სააგენტოს“ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მარინა არაბიძის განცხადებით, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება დედაქალაქში ბევრ ლოკაციაზე ფიქსირდება.
ამასთან, როგორც მან „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრეს–კონფერენციაზე აღნიშნა, ქალაქ რუსთავში მყარი ნაწილაკების შემცველობის კლება აღინიშნება.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ქვეყანაში ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, გოგირდის დიოქსიდი არანაირ გამოწვევას არ წარმოადგენს, ისინი თითქმის ნორმის ფარგლებში გვაქვს. თუმცა, მყარი ნაწილაკები, რომელიც პერიოდულად ხან ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაა და ხან ადგილობრივი, გარკვეულ დღეებში შეიძლება ნორმას აჭარბებდეს. გარდა ამისა, გამოვკვეთდით აზოტის დიოქსიდის შემცველობას, რომლის წყარო არის ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ჩვენი ინდიკატორები განთავსებულია გზისპირა ადგილებში, იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობა გვაქვს, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება შეიმჩნევა, განსაკუთრებით, დედაქალაქში გვაქვს ასეთი ბევრი ლოკაცია. მოგეხსენებათ, ტრანსპორტის ყველაზე მეტი რაოდენობა სწორედ აქ არის თავმოყრილი. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ გვაქვს მყარი ნაწილაკების შემცველობის კლება, მაგალითად, ქალაქ რუსთავში, რომელიც მოგეხსენებათ, სამრეწველო ქალაქია და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება აქ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მთავრობის მიერ დამტკიცებული იყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგ, საკმაოდ გაუმჯობესდა ამ კუთხით მდგომარეობა. რაც შეეხება აზოტის დიოქსიდებს, აქ მდგომარეობა უცვლელია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატება არ ფიქსირდება“,-განაცხადა მარინა არაბიძემ.