
ბლინკენი ამბობს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გაცვლაზე შეთანხმებას უახლოვდებიან
21/03/2024 12:25:03 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 20 მარტს ღაზასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმებას უახლოვდებიან.
მოლაპარაკებები ეხება "ჰამასის" მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლებას და ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას.
„ვფიქრობ, რომ შეთანხმება სავსებით შესაძლებელია. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ კატართან, ეგვიპტესთან, ისრაელთან ერთად, რათა ძლიერი შეთავაზება დაგვედო. ეს მოვახერხეთ, "ჰამასი" არ გვთანხმდებოდა და ახალი მოთხოვნებით მოდიოდა. მაგრამ მომლაპარაკებლები ამაზე მუშაობენ”, – განაცხადა მან.
21 მარტს ბლინკენი სამუშაო ვიზიტით ეგვიპტეში გაემგზავრება და ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.
ეგვიპტეში ვიზიტის შემდეგ ბლინკენი პარასკევს, 22 მარტს ისრაელს ეწვევა.