
გინტურის ძმა: ვიცი, რომ არანაირი გამოძიება არ იქნება, არ აინტერესებთ
21/03/2024 10:38:22 საზოგადოება
კირნალში, ოკუპანტების მიერ სალოცავთან მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი ხელისუფლების რეაგირებით უკმაყოფილოა.
"არ აინტერესებს მთავრობას, თორემ ყველაფერი გამოძიებული იქნებოდა აქამდე. გუშინ ერგნეთში იყო 118-ე შეხვედრა, გამოვიდა სუს-ის უფროსი და თქვა, რომ ჯერ არ გვაქვს სია გინტურის მკვლელებისო. რა სია უნდა ჰქონდეთ და სია რათ უნდათ ვინ იყო იმ დღით მორიგე კირბალის ლომისაში, ვინ ჩაცხრილა ჩემი ძმა. ჩემი ძმა მოკლეს, ჩაცხრილეს და გარდაცვლილიო. გარდაცვლილი რა, ღამე გაათენა და სიცივეში გაიყინა? ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს. როგორც ვატყობ, მანამ ეს მთავრობა იქნება, გამოძიება არ იქნება, შეკრულები არიან რუსეთთან, საქართველო არის პატარა რუსეთი და დიდი რუსეთი მართავს პატარა საქართველოს. ვიცი, რომ არანაირი გამოძიება არ იქნება" – ამბობს თამაზ გინტურის ძმა.
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ჰკითხა, "თუ რატომ არ მიმდინარებს პატრულირება საოკუპაციო ხაზთან".
კითხვაზე პასუხის გაცემისას მინისტრმა თამაზ გინტურის მკვლელობის ნაცვლად, "გარდაცვალება" ახსენა და განაცხადა, რომ "რაღაცები გააძლიერეს", თუმცა რა იგულისმება აღნიშნულში მან "ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენ ოკუპანტებს" არგუმენტით არ დააზუსტა.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში რიგით 118-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ისაუბრა გინტურის მკვლელობის საქმეზე:
"ჩვენ დავინტერესდით თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და გვქონდეს თუ არა მოლოდინი, რომ მოხდებოდა სამართლის აღსრულება. სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია რაც აქამდე არაერთგზის გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა".
2023 წლის 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.