
მედია: სერბეთმა რუსების მასობრივი დეპორტაცია გადაწყვიტა ბელგრადში პუტინის დამარცხების შემდეგ
21/03/2024 09:49:23 მსოფლიო
ვლადიმირ პუტინის დაბალ შედეგს, რომელიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე სერბეთში გახსნილ უბნებზე დაფიქსირდა და ასევე რუსების აქტიურ მონაწილეობას ბელგრადში, რუსეთის საელჩოსთან გამართულ აქციაში „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“, შესაძლოა, მალე სერბეთის ხელისუფლების საპასუხო რეაქცია მოჰყვეს.
კერძოდ, კრემლის მიერ კონტროლირებული RT სერბეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რესპუბლიკის სპეცსამსახურები გეგმავენ ქვეყნიდან საპროტესტო განწყობის მქონე რუსების მასშტაბურ განდევნას. RT არხის წყარო ამას სხვა აქციას უკავშირებს - მათ მონაწილეობას 2023 წლის დეკემბერში საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს. თითქოს მაშინ რუსმა ემიგრანტებმა აქციებზე მმართველი სტრუქტურების მუშაობა დაბლოკეს. ახლა ქვეყნის სპეცსამსახურები ასეთი ადამიანების პასუხისგებაში მიცემას გეგმავენ, ირწმუნება RT.
ინფორმაცია ამ ინიციატივის შესახებ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გაჩნდა. გასულ კვირას ბელგრადში რუსეთის საელჩოში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა იყო – კენჭისყრაში 4,7 ათასი რუსმა მიიღო მონაწილეობა და სერბეთის დედაქალაქში პუტინმა ყველაზე მცირე ხმა მიიღო ევროპის მთავარ დედაქალაქებში გახსნილ უბნებთან შედარებით. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბელგრადში მხოლოდ 10,84%-მა დაუჭირა მხარი პუტინს. რუსების უმრავლესობამ ხმა მისცა ვლადისლავ დავანკოვს (ხმების 67%), რაც ბევრისთვის მხოლოდ პროტესტის ფორმა გახდა. 2018 წლის წინა არჩევნებში პუტინს მხარი ამომრჩეველთა 83,14%-მა დაუჭირა. ამასთან, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აშკარად არ იზიარებს რუსების საპროტესტო განწყობებს – ის იყო იმ იშვიათ ლიდერებს შორის, რომლებმაც პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს და ინარჩუნებენ კავშირს მასთან.