
WP: უკრაინა გეგმავს NATO–ს სტანდარტის ჭურვების წარმოებას, თუმცა არაუადრეს ზაფხულისა
21/03/2024 09:00:28 მსოფლიო
უკრაინული სამხედრო კომპანიები ცდილობენ სამხედროების უდიდესი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საარტილერიო სისტემებისთვის საჭირო ნატო–ს სტანდარტების 155მმ-იანი საბრძოლო მასალის წარმოებით, მაგრამ წარმოება სავარაუდოდ, ივლისამდე არ დაიწყება, წერს The Washington Post.
მასალაში აღნიშნულია, რომ ფრონტზე ამ ჭურვების დეფიციტია, მაგრამ სახელმწიფო თავდაცვის საწარმო Ukroboronprom-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ წარმოება მიმდინარე წლის მეორე ნახევარზე ადრე არ დაიწყება.
ოფიციალურმა პირმა, რომელიც ანონიმურობის პირობით ესაუბრა გამოცემას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალები არ დააზუსტა.
გასულ ზაფხულს Ukroboronprom-მა განაცხადა ნატო–ს სტანდარტის 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების წარმოებაზე მუშაობის შესახებ.
უკრაინა ცდილობს გაზარდოს საკუთარი იარაღის წარმოება, რათა შეამციროს დამოკიდებულება დასავლელი პარტნიორების მიწოდებაზე. თებერვლის დასაწყისში უკრაინის მთავრობამ მიიღო სამი რეზოლუცია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობის შესახებ, რომლებიც ეხება შესყიდვას, საბრძოლო მასალის წარმოებას და დრონების წარმოების ფასებს.