
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: უკრაინის დახმარების განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება -
21/03/2024 07:52:43 მსოფლიო
აშშ-ის კონგრესის მთავარი პრიორიტეტი აშშ-ის მთავრობის 2024 წლის ბიუჯეტის შეთანხმებაა და ვინაიდან ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, უახლოეს მომავალში გავა უკრაინისა და მისი პარტნიორების დახმარების პაკეტზე. ამის შესახებ 20 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა.
„კონკრეტულად არ ვსაუბრობ უკრაინის დაფინანსების მექანიზმზე. საუბარია პარტნიორების დამატებითი დაფინანსების მთელ პაკეტზე. განურჩევლად იმისა, ინდივიდუალურად გავა თუ პაკეტში. ყველა ეს საკითხი განიხილება. ვფიქრობ, ხალხის ცნობიერებაში არის განსხვავება უკრაინის ლეტალურ დახმარებასა და ჰუმანიტარულ კომპონენტს შორის. ასევე საუბრობენ იმაზე, რასაც ჩვენ ვუწოდებთ REPO აქტს - კანონპროექტი რუსი ოლიგარქების აქტივების გამოყენების შესახებ უკრაინის მხარდასაჭერად, შემდეგ კი განიხილება სესხის კონცეფცია“, - განაცხადა ჯონსონმა.
მისი თქმით, ამ საკითხზე კანონმდებლებს შორის მუშაობა და დისკუსია მიმდინარეობს.
„ჩვენ გვესმის ამერიკის როლი მსოფლიოში. ჩვენ გვესმის მსოფლიოსთვის ძლიერი გზავნილის მნიშვნელობა, რომ ვდგავართ ჩვენი მოკავშირეების გვერდით და არ დავუშვებთ ტერორისტებს და ტირანებს შემობიჯებას“, - დასძინა პალატის სპიკერმა.
კონგრესმა ბიუჯეტი 22 მარტამდე უნდა დაამტკიცოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ე.წ. შათდაუნი – აშშ-ის სამთავრობო უწყებების დროებითი დახურვა. თუმცა, ჯონსონის თქმით, საბიუჯეტო საკითხები უკვე დიდწილად შეთანხმებულია და კენჭისყრა ამ კვირაში იგეგმება, თუმცა ამას წინ უძღოდა "მკაცრი მოლაპარაკებები".
ამავდროულად, 22 მარტის შემდეგ ორკვირიანი შესვენება იწყება წარმომადგენელთა პალატაში, ამიტომ კანონმდებლები, სავარაუდოდ, 8 აპრილის შემდეგ გადავლენ უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ს სხვა პარტნიორებისთვის დახმარების დაფინანსების კანონპროექტზე.
აშშ-ს სენატმა 13 თებერვალს ღამის სხდომაზე საბოლოოდ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს დახმარებას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ოდენობით, საიდანაც 60 მილიარდი კიევისთვისაა განკუთვნილი. ახლა კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ. მათ მნიშვნელოვან ნაწილს ხელმძღვანელობს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც კრიტიკულად ისაუბრა ამ კანონპროექტზე.