
ოლაფ შოლცი: გადაჭარბებულად არ უნდა შეფასდეს რუსეთის რეპრესიული სისტემის ძალა
21/03/2024 06:53:43 მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ოთხშაბათს, 20 მარტს გერმანიის ბუნდესტაგში გამოსვლისას მოუწოდა, გადაჭარბებულად არ შეაფასონ რუსეთის ძალა.
შოლცის აზრით, რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ახლა ჩვეულებრივ ფიქრობენ. სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთის ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, სასტიკია, მაგრამ საშინაო პოლიტიკაში რუსული რეპრესიული სისტემა ძალის ნაკლებობის ნიშნებს აჩვენებს, – ხაზგასმით აღნიშნა ფედერალურმა კანცლერმა.
„თუ რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამ ომში მას მხოლოდ ლოდინი სჭირდება და ჩვენ სისუსტეს ვაჩვენებთ, მაშინ მან არასწორად გათვალა. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება".
შოლცმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის შიგნით თანამშრომლობის გაძლიერებას იარაღის წარმოების სფეროში. მისი თქმით, აუცილებელია თანამშრომლობის გაფართოება სამხედრო ეკონომიკის სფეროში, თანამშრომლობა მოკავშირე ქვეყნების იარაღით აღჭურვაში.
ფედერალურმა კანცლერმა მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ რუსეთის ოპოზიციას, რომელიც, მისი თქმით, "მხარს უჭერს იმას, რისი იმედიც ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს, რომ ოდესღაც რუსეთი იქნება უფრო თავისუფალი, უფრო მშვიდობიანი“.
ოლაფ შოლცმა ეს განცხადებები ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტის წინ გააკეთა. სამიტზე უკრაინის მხარდაჭერაზე იქნება საუბარი.