
სალივანი: ჩვენ მივაღწევთ უკრაინის დახმარების დამტკიცებას
21/03/2024 06:32:28 მსოფლიო
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი კიევს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია კონგრესის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების დამტკიცების გაჭიანურების ფონზე. ამასთან, იზრდება შეშფოთება, რომ დონალდ ტრამპი, პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, უკრაინის დახმარებას კიდევ უფრო შეამცირებს.
სალივანის ვიზიტი გერმანიის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ შედგა.
"დღეს აქ ვარ, რათა გითხრათ, რომ გვჯერა თქვენი. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ გაიმარჯვებთ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ააშენებთ ნათელ მომავალს უკრაინელი ხალხისთვის, უფრო ძლიერ დემოკრატიას და უსაფრთხო ქვეყანას, რომელსაც შეუძლია მოიგერიოს მომავალი აგრესია. ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი ყველა ნაბიჯზე," - აღნიშნა მან.
"ვიცი, რომ აქ არის კითხვები ჩვენს კონგრესში თვეების განმავლობაში არსებული მერყეობის გამო, რომელიც გავიდა დახმარების მიღების გარეშე, რომელსაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ და რომლისთვისაც პრეზიდენტი ბაიდენი ყოველდღე იბრძვის... ჩვენი აზრით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამას მივაღწევთ," - თქვა სალივანმა.
თავის მხრივ, ანდრი ერმაკმა თქვა, რომ ჯეიკ სალივანისგან მიიღო "აბსოლუტურად უდავო სიგნალი შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერის შესახებ."
სალივანის თქმით, რუსეთმა უკვე წააგო ომი უკრაინასთან: "რას აპირებდა რუსეთი? უკრაინის რუკიდან წაშლას. უკრაინელობის იდეის ისტორიიდან წაშლას. ეს არ გამოუვიდა".
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ასევე თქვა, რომ აშშ ცხადად მიიჩნევს, რომ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და კონფლიქტიდან ძლიერი და წარმატებული გამოვიდეს. მისივე თქმით, როგორც მოკავშირემ, აშშ-მ უნდა უზრუნველყოს, რომ უკრაინა იყოს არა მხოლოდ თავისუფალი და დამოუკიდებელი, არამედ უსაფრთხო და დაცული მომავალი რუსული აგრესიისგან.
ბოლოს სალივანი კიევში ბაიდენთან ერთად, 2023 წლის თებერვალში იმყოფებოდა.