Accentnews.ge
ერგნეთში შეხვედრა დასრულდა: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისგან გინტურის მკვლელობაზე კვლავ ცინიკური პოზიცია მოვისმინეთ

ერგნეთში შეხვედრა დასრულდა: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისგან გინტურის მკვლელობაზე კვლავ ცინიკური პოზიცია მოვისმინეთ

20/03/2024 14:46:24 პოლიტიკა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში რიგით 118-ე შეხვედრა დასრულდა. როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ქართულმა მხარემ შეხვედრაზე დააყენა თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე, უკანონო "ბორდერიზაციისა" და პატიმრობაში მყოფი 6 ქართველის საკითხები.

ანთაძის თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისგან გინტურის მკვლელობაზე კვლავ ცინიკური პოზიცია დააფიქსირეს:

"ჩვენ დავინტერესდით თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და გვქონდეს თუ არა მოლოდინი, რომ მოხდებოდა სამართლის აღსრულება. სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია რაც აქამდე არაერთგზის გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა".

გარდა ამისა, ირკვევა ისიც, რომ წინა შეხვედრიდან დღემდე, 3 უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ანთაძის თქმით, ოკუპანტების დამოკიდებულება ამ საკითხზეც ანალოგიურია:

"ჩვენ მიერ დასახელდა ლოკაციები, სადაც დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების პოზიცია არის უცვლელი და აბსურდული არგუმენტებით ცდილობენ უკიდურესად დესტრუქციული პროცესის ლეგალიზებას".

მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება.

"კვლავ პატიმრობაში რჩება ჩვენი ექვსი თანამოქალაქე. ჩვენი მოთხოვნაა, მოხდეს ყველას უპირობოდ გათავისუფლება. დაკავებულების უმეტესობას მისჯილი აქვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. ერთი მათგანის საქმე დაბრუნებულია ხელახალი გამოძიების მიზნით და ერთ მათგანს, ხეთერელს მისჯილი აქვს ერთი წელი და სამი თვე. ჩვენ ასევე განვიხილეთ საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების კონტექსში თავისუფალი გადაადგილება. აგრეთვე, გვიახლოვდება აღდგომის დღესასწაული, რა დროსაც უფრო მწვავდება გადაადგილების პრობლემა. ამ საკითხებზე ჩვენ ვიქნებით პერმანენტულ კონტაქტზე, მათ შორის, "ცხელი ხაზის" მეშვეობით“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ერგნეთში მორიგი შეხვედრა16 მაისს გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S