
უკრაინამ ევროკავშირისგან პირველი 4,5 მილიარდი ევრო მიიღო 50–მილიარდიანი პაკეტიდან
20/03/2024 12:59:49 მსოფლიო
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს კიევმა ევროკავშირისგან 4,5 მილიარდი ევრო მიიღო. ეს არის 50 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტის პირველი ტრანში, რომელიც დამტკიცდა წლის დასაწყისში ევროკავშირის სამიტზე.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროპული სახსრები გამოყენებული იქნება უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად, ასევე „უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის“.
უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ განაცხადა, რომ მიღებული თანხები „ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დროულად და სრულად დაფინანსებას“, – ნათქვამია უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
უკრაინას შემდეგი ტრანშის – 1,5 მილიარდი ევროს – მიღება შეუძლია აპრილში, რეფორმების განხორციელების და ევროკომისიის დადებითი შეფასების გათვალისწინებით, – წერს მთავრობა.
ევროკავშირმა უკრაინას 50 მილიარდი ევრო გამოუყო 2027 წლამდე შექმნილი უკრაინის მექანიზმის პროგრამის ფარგლებში. ამ თანხიდან დაახლოებით 28,3 მილიარდი ევრო მოხმარდება უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერას; საინვესტიციო ფონდი დაახლოებით 7 მილიარდი ევრო იქნება, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერაზე კი დაახლოებით 4,8 მილიარდი დაიხარჯება.