
Gunvor Group: ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმების გამო რუსეთი დღეში 600 ათას ბარელ ნავთობპროდუქტს კარგავს
20/03/2024 11:21:20 მსოფლიო
ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად რუსეთი დღეში 600 000 ბარელ გადამუშავებულ ნავთობს კარგავს, – ამის შესახებ ნავთობის საერთაშორისო კომპანია Gunvor Group-ის ხელმძღვანელმა ტორბიორნ ტორნკვისტმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
"რუსეთიდან საწვავის ექსპორტი დღეში რამდენიმე ასეული ათასი ბარელით დაეცა", - განაცხადა ტორნკვისტმა.
Bloombergის ცნობით, "ამ ფონზე დიზელის საწვავის ფიუჩერსები ოთხჯერ გაიზარდა, ბენზინის ფიუჩერსები კი - ექვსჯერ".
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე Gunvor Group რუსული ნავთობით ერთ-ერთი მსხვილი მოვაჭრე იყო.
როგორც გამოცემა იტყობინება, ბანკ JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების გამო, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრე დღეში 900,000 ბარელით შემცირდა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში დრონებით იერიშის შედეგად რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას გაუჩნდა ძლიერი ხანძარი და ან სრულად, ან ნაწილობრივ მწყობრიდან გამოვიდა. მომხდარში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს.
13 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით ბრიტანულიBBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. ამ წყაროს ცნობით, უკრაინის ამოცანაა, რუსეთს წაართვას რესურსები და შეუმციროს ნავთობით მიღებული ფულის და საწვავის ნაკადები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.