
ევროკავშირმა მილიარდერ მაზეპინის ვაჟის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა
20/03/2024 10:17:36 მსოფლიო
ევროპულმა სასამართლომ გააუქმა ევროკავშირის სანქციები მილიარდერის დიმიტრი მაზეპინის ვაჟის, ავტომრბოლელ ნიკიტა მაზეპინის წინააღმდეგ.
„ოჯახური კავშირი მამამისთან - რუს ბიზნესმენ დიმიტრი მაზეპინთან - არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იგი მამასთან საერთო ინტერესებით დაკავშირებულად ჩაითვალოს და, შესაბამისად, დარჩეს ამ (სანქციების) სიებში“, - ნათქვამია სასამართლოს განჩინებაში.
სასამართლომ განმარტა, რომ ევროკავშირის საბჭომ არ დაადასტურა, რომ შვილს და მამას ჰქონდათ საერთო ინტერესები „ეკონომიკისა თუ კაპიტალის თვალსაზრისით“ სანქციების სიაში შეყვანის დროს. უფრო მეტიც, 2022 წლის მარტიდან მაზეპინ უმცროსმა შეწყვიტა მამის მიერ დაფინანსებულ გუნდთან მუშაობა.
ნიკიტა მაზეპინი ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, რომლებიც 2022 წლის მარტში შემოიღეს უკრაინის ომის გამო. შეზღუდვების გამო ის "ფორმულა 1"-ის გარეშე დარჩა – Haas-ის გუნდმა შეწყვიტა კონტრაქტი მრბოლელთან და სპონსორთან Uralkali-სთან, რომლის თანამფლობელიც მილიარდერი დიმიტრი მაზეპინია.
ევროკავშირის საბჭომ სამჯერ გაახანგრძლივა სანქციები მაზეპინ უმცროსის წინააღმდეგ (2022 წლის სექტემბერში, 2023 წლის მარტში და სექტემბერში). ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა მათი მოქმედება და აღნიშნა, რომ შემაკავებელმა ზომებმა არ უნდა იმოქმედოს რუსი მრბოლელის პროფესიულ საქმიანობაზე.
მარტის დასაწყისში ევროკავშირმა სანქციების სიიდან გამორიცხა Yandex-ის დამფუძნებელი არკადი ვოლოჟი, AFK Sistema-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სერგეი მნდოიანცი და "ღამის მგლების" მოტოკლუბის ევროპული ფილიალის პრეზიდენტი ჯოზეფ ჰამბლეკი.
სანქციები ასევე მოუხსნეს გარდაცვლილ რუსებს: "ვაგნერის" მეთაურს დიმიტრი უტკინი, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებს – ნიკოლაი ბორცოვს და ვიქტორ ზუბარევს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენადი ჟიდკოს და გენერალ-ლეიტენანტ ოლეგ ცოკოვს. თუმცა, "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც გასული წლის აგვისტოში უტკინთან ერთად დაიღუპა, სანქციების სიიდან არ ამოუღიათ. ეს აიხსნება იმით, რომ პრიგოჟინის ვაჟი გახდა მისი აქტივების ბენეფიციარი.