
თურქეთი აშშ–სთან შეთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესრულების მექანიზმზე
20/03/2024 09:43:34 მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაცვის ახალ სქემაზე, წერს თურქული გაზეთი Hürriyet.
მანამდე ვაშინგტონი დაუყონებლივ იღებდა შეზღუდვებს თურქული კომპანიების მიმართ, თუ ისინი ეჭვმიტანილნი იქნებოდნენ რუსეთთან კომერციულ კავშირში. ახლაკი ვაშინგტონი ჯერ ანკარას შეატყობინებს თავის ეჭვებს და მოითხოვს საჭირო ინფორმაციას.
თურქეთმა, თავის მხრივ, დადო პირობა, რომ ჩაატარებს გამოძიებებს შეერთებული შტატების მოთხოვნის საფუძველზე და შედეგებსაც შეატყობინებს. ასევე, „საჭიროების შემთხვევაში“, ანკარა თავად მიიღებს ზომებს რუსეთთან მოთანამშრომლე კომპანიების წინააღმდეგ, აღნიშნავს Hürriyet.
მარტის დასაწყისში რამდენიმე თურქმა ბიზნესმენმა დაიჩივლა რუსეთთან ვაჭრობისთვის მეორადი სანქციების დაწესების რისკის გამო და დააანონსეს, რომ უჩივლებდნენ ამერიკელ ოფიციალურ პირებს. მათივე ინფორმაციით, სტამბოლის გენერალურ საკონსულოში მომუშავე აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის თანამშრომლები ეწვივნენ თურქულ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს რუსეთთან ტრანზაქციების შეწყვეტის მოთხოვნით.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფირმები, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, აშშ-ის ფინანსურ სისტემაზე წვდომის დაკარგვის რისკის ქვეშ ექცევიან. ამავდროულად, რისკის ქვეშ ექცევიან ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც აწარმოებენ ბიზნესს აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფებთან.
შედეგად, იანვარში თურქეთიდან რუსეთში ექსპორტი 39%-ით შემცირდა, იტყობინება Reuters. წლის პირველ თვეში თურქულმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარს 631 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი მიაწოდეს, 2023 წლის იანვარში თითქმის 1 მილიარდ დოლართან შედარებით. რიგ საქონელთან დაკავშირებით ვაჭრობა მთლიანად შეჩერებულია, კერძოდ, შეჩერებულია ტექნიკის ექსპორტი, – განუცხადა გამოცემას სიტუაციის მცოდნე წყარომ.
გასული წლის ბოლოს თურქეთმა რუსეთს რეკორდული 10,9 მილიარდი დოლარის საქონელი მიაწოდა - ორჯერ მეტი ვიდრე უკრაინის ომამდე. მან ასევე მკვეთრად გაზარდა რუსული ნავთობის შესყიდვები, რომელმაც 2022 წელს 12 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო გასული წლის იანვარ-ნოემბერში თითქმის 9 მილიონი.