
რუსი ექიმების 57,5%–მა აღიარა, რომ ფული საკვებისთვის არ ჰქოფნით
20/03/2024 07:40:13 მსოფლიო
გამოკითხული რუსი ექიმების ნახევარზე მეტმა (57,5%) განაცხადა, რომ მათი ხელფასი არ არის საკმარისი ძირითადი საჭიროებების: საკვების, საცხოვრებელისა და მკურნალობისთვის. ამის შესახებ RTVI იტყობინება საზოგადოება "რუსეთის ექიმების" გამოკითხვაზე დაყრდნობით.
გამოკითხვის თანახმად, რუსეთში ექიმების დაახლოებით მესამედი მუშაობს 20-40 ათასი რუბლისთვის, მეორე მესამედი 40-60 ათასი რუბლისთვის. ყველაზე დაბალ შემოსავალს ხშირად ზოგადი პრაქტიკოსები, პედიატრები, მეან-გინეკოლოგები იღებენ. ამასთან, ექიმების უმრავლესობა (78,9%) მუშაობს ორ ან მეტ სამსახურში.
როსსტატის მონაცემებით, რუსი ექიმის საშუალო ხელფასი 2023 წლის პირველ ნახევარში იყო 105,5 ათასი რუბლი. თუმცა, გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ ექიმების მხოლოდ მეოთხედი იღებს 100 ათას რუბლზე მეტს, ყველა დამატებითი სამუშაოსა და მორიგეობის გათვალისწინებით. ექიმების მესამედი 100-150 ათას რუბლს სამართლიან ანაზღაურებას მიიჩნევს და გამოკითხულთა მხოლოდ 3,5% იღებს ამ თანხას სამუშაო ადგილზე.
100–150 ათასი რუბლს ხელფასის სახით ყველაზე ხშირად იღებენ ანესთეზიოლოგები და ფსიქიატრები მოსკოვიდან, პეტერბურგიდან და სვერდლოვსკის რეგიონიდან. ხოლო ყველაზე მაღალი ხელფასები - 150-200 ათასი რუბლი, კვლევის მიხედვით, აქვთ ექიმებს მოსკოვში, მურმანსკის ოლქში, კამჩატკაში, ხაკასიასა და ალტაის მხარეში.
გასულ წელს, სრულიად რუსეთის სახალხო ფრონტმა (ONF) დაადგინა, რომ რუსეთში ექიმების 75%-ის ხელფასმა ვერ მიაღწია იმ დონეს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი მათ 2012 წლის მაისის ბრძანებულებით დაპირდა. ორგანიზაციამ რუსეთის ჯანდაცვის 25 ათასი მუშაკი გამოიკითხა. პუტინის ბრძანებულებიდან გამომდინარეობდა, რომ 2018 წლისთვის უმცროსი და საშუალო დონის სამედიცინო პერსონალს რეგიონში საშუალო ხელფასის არანაკლები უნდა მიეღო, ხოლო ექიმებს - ორჯერ მეტი. თუმცა, გამოკითხულთა 3/4 ამბობს, რომ მათი შემოსავალი არ აკმაყოფილებდა ამ კრიტერიუმებს.
ამავდროულად, რუსეთში კვლავ სამედიცინო პერსონალის დეფიციტია. როგორც იუწყებიან, იმისდა მიუხედავად, რომ რუსეთში ყოველწლიურად დაახლოებით 50-55 ათასი სპეციალისტი ამთავრებს მხოლოდ "სამედიცინო მეცნიერების" სპეციალობას, რუსეთის სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემიდან ადამიანების გადინება მნიშვნელოვნად აჭარბებს შედინებას. ექსპერტები ამას, მათ შორის, დაბალი ანაზღაურებით ხსნიან. შედეგად, 2024 წელს რუსეთის სახელმწიფო საავადმყოფოებმა დაიწყეს ექიმების მიზიდვა აფრიკიდან, რათა გაუმკლავდნენ სპეციალისტების მწვავე დეფიციტს.