
მედია: კურსკის ატომურ ელექტროსადგურს დრონებით მეოთხედ დაესხნენ თავს
20/03/2024 07:23:57 მსოფლიო
რუსეთის კურსკის რაიონში, კურჩატოვის ატომურ ელექტროსადგურზე შეტევა სცადეს , სულ მცირე, ხუთი კამიკაძე დრონით და ერთი S-200 რაკეტით, – იუწყება ტელეგრამ–არხი Mash.
არხისვე ცნობით, ყველა დრონი და რაკეტა რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, მაგრამ ნამსხვრევებმა დააზიანა ქვესადგური, რომელიც კურსკის რამდენიმე რაიონს ამარაგებს ელექტროენერგიით. რეგიონის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაოებისა და ელექტროენერგიის შეწყვეტის შესახებ.
მედია აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს მეოთხე შემთხვევაა, როცა დრონები თავს დაესხნენ კურჩატოვის ატომურ ელექტროსადგურს: 9 იანვარს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს. SHOT-ის ცნობით, დრონს ქობინი ჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერებებით. მაშინ მოწყობილობა არ აფეთქდა.
მედია იხსენებს, რომ 2023 წლის ოქტომბერში დრონი შეეჯახა ბირთვული ნარჩენების შესანახ ობიექტს კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე, რამაც დააზიანა მისი კედლები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმ დროისთვის სულ დაფიქსირდა დრონის თავდასხმის სამი შემთხვევა, რომელთაგან ორი სადგურის ადმინისტრაციულ შენობებზე მოხდა.
მანამდე, 2022 წლის აგვისტოში, დივერსიამ გამოიწვია კურსკის ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის საგანგებო გამორთვა, – თქვა ეფესბე–ს დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა. აფეთქებების შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ექვსი ანძა (110, 330 და 750 კვ), რამაც გამოიწვია ატომური ელექტროსადგურის მუშაობის ტექნოლოგიური პროცესის შეფერხება.