Accentnews.ge
„სილქნეტი": სავარაუდოდ, 2 000-მდე მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვო გამჟღავნების შესაძლო ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს

„სილქნეტი": სავარაუდოდ, 2 000-მდე მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვო გამჟღავნების შესაძლო ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს

20/03/2024 07:07:10 საზოგადოება

„სილქნეტის" ცნობით, "კომპანიაში მომხმარებელთა მცირე ჯგუფის, სავარაუდოდ 2 000-მდე პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვო წვდომისა და გამჟღავნების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირების ღონისძიებები მიმდინარეობს".

კომპანიის განცხადებით, "სავარაუდო კომპიუტერული ინციდენტის ფაქტთან დაკავშირებით კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთან".

„კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ მომხდარა აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა ტელეკომ სერვისების ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო გავრცელება. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კომპანიის ფუნდამენტური საკითხებია.

სავარაუდო კომპიუტერული ინციდენტის ფაქტთან დაკავშირებით კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთან, როგორც კიბერუსაფრთხოების რეგულატორთან, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, და მასთან ერთად ახორციელებს მოცემული ინციდენტის აღკვეთის, კვლევისა და სამომავლო პრევენციისათვის საჭირო ღონისძიებებს.

უახლოეს პერიოდში, ინციდენტის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, გადაწყდება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხებიც. თემის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, კომპანია „სილქნეტი“ პირველი შესაძლებლობისთანავე ეტაპობრივად გაასაჯაროებს აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას იმ მოცულობით, რომ საფრთხე არ შეექმნას მიმდინარე კიბერუსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებების ეფექტიანობასა და შემდგომი გამოძიების ინტერესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის: "სილქნეტიდან" ათასობით ადამიანის მონაცემების გაჟონვის შესახებ ინფორმაცია "რადიო თავისუფლებამ" გუშინ გაავრცელა.

მისი ცნობით, საუბარია 33 000 ადამიანის პირადობის მოწმობის ასლზე, რომლებიც არალეგალური გზით გავრცელდა ინტერნეტში.

"19 მარტს "სილქნეტიდან" გაჟონილი მონაცემები უკვე წაშლილია იმ პლატფორმაზე, სადაც თავდაპირველად აიტვირთა. უცნობია, არსებობს თუ არა მონაცემთა ასლები, რომლებიც შეიძლება მომავალში გახდეს არალეგალურად ხელმისაწვდომი", – წერს გამოცემა.

როგორ გავიგო, ვარ თუ არა მათ შორის, ვისი მონაცემებიც დაუცველი აღმოჩნდა?

"კომპანიის პერსონალური მონაცემების დაცვის განაცხადის მიხედვით, ნებისმიერ მომხმარებელს აქვს უფლება, ერთის მხრივ, "სილქნეტისგან" მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ მათთან დაცული მონაცემების შესახებ, მეორეს მხრივ, ინფორმაცია მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის იმგვარი ინციდენტის შესახებ, რომელიც მაღალი ალბათობით გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

მოთხოვნის შემთხვევაში, "სილქნეტის" მომხმარებლებს აქვთ უფლება მიიღონ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება, გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოთ", – წერს გამოცემა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S