Accentnews.ge
გერმანიაში ბუნდესვერის ოფიცერს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ

გერმანიაში ბუნდესვერის ოფიცერს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ

19/03/2024 19:31:26 მსოფლიო

გერმანიაში ბუნდესვერის ოფიცერს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ სამშაბათს განაცხადა.

ბუნდესვერის აღჭურვილობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გამოყენების ფედერალური ოფისის თანამშრომელმა, თომას ჰ.-მ, 2023 წლის მაისიდან, გამომძიებლების თქმით, რამდენჯერმე შესთავაზა თავისი მომსახურება გერმანიაში რუსეთის დიპლომატიურ მისიებს.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ბუნდესვერის ოფიცერი დაუკავშირდა რუსეთის საკონსულოს ბონში და საელჩოს ბერლინში. ერთ შემთხვევაში მან სამუშაო ადგილზე მოპოვებული ინფორმაცია რუს დიპლომატებს გადასცა. ფედერალური პროკურორები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს დოკუმენტები რუსეთის დაზვერვის სამსახურში გადაგზავნეს. პროკურატურა გადაცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დეტალებს არ ასაჯაროებს. გარდა ამისა, თომას ჰ.-ს ბრალად ედება სამსახურებრივი საიდუმლოების გამჟღავნება.

ბუნდესვერის ოფიცერი 2023 წლის 9 აგვისტოს დააკავეს და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. დაკავებისას მის ბინასა და სამუშაო ადგილზე ჩხრეკა ჩატარდა. გამოძიება გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვასთან (MAD) ერთად ჩატარდა.

ბუნდესვერის აღჭურვილობის ფედერალური ოფისი მდებარეობს კობლენცში და პასუხისმგებელია გერმანიის შეიარაღებული ძალების მასალებით და იარაღით უზრუნველყოფაზე, ასევე სამხედრო ტექნიკის განვითარებაზე, ტესტირებასა და შესყიდვაზე. ოფიცერი მუშაობდა დეპარტამენტის საშუალო რგოლში და ჰქონდა წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე ბუნდესვერის თავდაცვის პროექტების სფეროში.

მანამდე გერმანული Spiegel წერდა, რომ ოფიცრის მოქმედების მოტივი პროფესიული უკმაყოფილება იყო. მას ჰქონდა კაპიტნის წოდება და იმედგაცრუებული იყო სამსახურეობრივი დაუწინაურებლობის გამო.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა გერმანული უწყების თანამშრომელს რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. ამჟამად ბერლინის უმაღლეს სასამართლოშია კარსტენ ლ. საქმე – ფედერალური კონტრდაზვერვის სამსახურის (BND) თანამშრომელი სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S