
TI: მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლემ, შვილმა და მამამ ოჯახის წევრებისგან საჩუქრად ჯამში 120 468 აშშ დოლარი მიიღეს
19/03/2024 18:54:30 საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახმა ბოლო ხუთ წელში ოჯახის სხვა წევრებისგან საჩუქრად 120 468 აშშ დოლარი მიიღო.
ორგანიზაცია გამოდის შეხსენებით, რომ სწორედ ამგვარი ფაქტების გამოკვლევას ისახავს მიზნად მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი, რომელსაც მმართველი გუნდი ეწინააღმდეგება.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფის ლიდერის, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლემ, შვილმა და მამამ - მარიკა მარიკაშვილმა, რუსუდან და თამაზ ჩინჩალაძეებმა - ოჯახის წევრებისგან საჩუქრად ჯამში 120 468 აშშ დოლარი მიიღეს, 2019-2023 წლების დეკლარაციების თანახმად.
სწორედ ასეთი ფაქტების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გამოკვლევას ისახავს მიზნად მოსამართლეთა კეთილსინდისირების შემოწმების მექანიზმი, რომლის ამოქმედებასაც ევროკომისია გვთხოვს და მთავრობა ეწინააღმდეგება“, - მიუთითებს ორგანიზაცია.