
მოლდოვა და ესტონეთი რუს დიპლომატებს აძევებენ
19/03/2024 14:58:31 მსოფლიო
ესტონეთი ქვეყნიდან აძევებს რუსეთის საელჩოს თანამშრომელს, რომელსაც დიპლომატის სტატუსი აქვს, ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, – იტყობინება გამოცემა Delfi.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს რუსეთის საელჩოს რწმუნებული, რომელსაც შესაბამისი დიპლომატიური ნოტა გადასცეს.
რწმუნებულს მიუთითეს, რომ ტალინი "არ აპირებს, მოითმინოს რუსეთის მოქმედებები, „რომლებიც მიმართულია ესტონეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ“.
„უნდა შეწყდეს ჰიბრიდული ოპერაციები, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურები უწევენ კოორდინაციას ესტონეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების წინააღმდეგ“,– აღნიშნავს უწყება.
ასევე 19 მარტს რუსეთის დიპლომატის გაძევების შესახებ გამოაცხადა მოლდოვამ.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს რუსეთის ელჩი და აუწყეს, რომ დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული– იუწყება RBC.
განიმარტა, რომ დიპლომატიური მისიის თანამშრომელს აძევებენ სეპარატისტული დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის, „მიუხედავად მოლდოვის ხელისუფლების“ პოზიციისა.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ასობით დიპლომატი გააძევეს.