რატომ სტუმრობდა NATO–ს გენმდივანი სამხრეთ კავკასიას

19-03-2024 18:13:32 კავკასია ,ანალიზი

NATO-ს სამიტის წინ, რომელსაც ვაშინგტონი ზაფხულში უმასპინძლებს, თბილისში, ბაქოსა და ერევანში მაღალი რანგის შეხვედრები გამართა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. თავად სამიტის მიმართ საქართველოში არც წელს იგრძნობა განსაკუთრებული მოლოდინები და ამ მხრივ ცვლილება არც NATO-ს მაღალჩინოსნის ვიზიტს შემოუტანია, თუმცა არის მოლოდინი, რომ უკვე არსებული პაკეტის გაძლიერებაზე იქნება საუბარი. ეს მოლოდნი გარკვეულწილად საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც დაადასტურა: „რამდენიმე მიმართულებაზე ვმუშაობთ პარტნიორებთანო“,– თქვა „იმედთან“ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დეტალების დაზუსტების გარეშე, „ვიდრე კონკრეტული კონტურები არ იქნება გამოხატული, სპეკულაცია არასწორი იქნებაო“.

ცხადია, საინტერესო მოვლენები ძირითადად დახურულ კარს მიღმა ვითარდება, თუმცა ვიზიტს მნიშვნელოვანი საჯარო გზავნილების გარეშე არ ჩაუვლია. ამ მხრივ პროცესზე დამკვირვებლები, გარდა რეფორმების და დემოკრატიული არჩევების აუცილებლობისა, რაზეც სტოლტენბერგმა გაამახვილა ყურადღება, გამოყოფენ შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიულობას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს ამ ეტაპზე არ აქვთ ბლოკში გაწევრიანების პრეტენზია, თუმცა პარტნიორობენ მასთან.

მაინც რატომ სტუმრობდა ალიანსის გენერალური მდივანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს? მოსკოვი ბლოკის გავლენის ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას და ვიზიტს ტრადიციულად უკმაყოფილო ტონით გამოეხმაურა ამჯერად კრემლის ლიდერის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის რაგში:

„ჩვენთვის კარგად არის ცნობილი NATO-ს სწრაფვა გააძლიეროს თავისი ყოფნა სამხრეთ კავკასიაში. ეს შეუიარაღებელი თვალით ჩანს. ასევე არსებობს გააზრება, რომ NATO-ს მცდელობებმა, გააფართოვოს თავისი გავლენა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დამატებითი სტაბილურობა მისცეს სამხრეთ კავკასიას და სიტუაციის პროგნოზირებადობა. ეს კონტაქტები კავკასიის სახელმწიფოების სუვერენული უფლებაა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ძირითადად ვაპირებთ ფოკუსირებას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე, რაც ჩვენს მხარეს აქვს“,– თქვა მან ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩოქოვანმა სამი ძირითადი გზავნილი ამოიკითხა:

  • საქართველო არის NATO–ს ძალიან ახლო პარტნიორი;
  • ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი რეგიონი კვლავაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ინტერესს;
  • ყველას ძალიან კარგად ესმის, თუ რამდენად დიდია უსაფრთხოების გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში და რამდენად მნიშვნელოვანია, ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოში უსაფრთხოება შევინარჩუნოთ.

დიდი ხანია, საექსპერტო წრეებიდან საქართველოს ხელისუფლებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ, რათა მოიპოვოს ფუნქციური როლი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბების პროცესში. როგორც ჩანს, ამჟამად ოფიციალური თბილისი ამ მხრივ თავის როლს ე.წ. დამაკავშირებლის ფუნქციაში ხედავს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა იმისა, რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყნის ე.წ. დამაკავშირებლის როლი, „შუა კორიდორის“ განვითარებისთვის ბევრი რამ გავაკეთოთ, ძალიან კონკრეტული პროგრამები გვაქვს ამისთვის დაგეგმილი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას ინტერესში შედიოდეს ამ მარშრუტის უსაფრთხოება. აქვე დავამატებდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტებს – შავი ზღვის დამაკავშირებელი კაბელი, როგორც ელექტრო, ასევე ციფრული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი სხვადასხვა ორგანიზაცია ცდილობს, უზრუნველყოს ამ პროექტების წარმატებული განხორციელება“,– ამბობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

„ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი გიორგი ანთაძე კი „აქცენტთან“ ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური პროექტი უსაფრთხოების კომპონენტების გარეშე ვერ იფუნქციონირებს:

„შავი ზღვის უსაფრთხოება შუა კორიდორის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება – ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ანაკლიის პორტზე და გვერდზეა ოჩამჩირე [სადაც საზღვაო ბაზის განთავსებას გეგმავს რუსეთი– რედ.]...უსაფრთხოების სათანადო კომპონენტის გარეშე არაფერი გამოვა. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ გადაწყდება ანაკლიის საკითხი – ვინ ააშენებს, ვისი ინტერესები ჩაიდება და ა.შ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რამაც საბოლოო ჯამში კონფიგურაცია უნდა შექმნას“.

მართალია, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ახლა არ დაწყებულა საუბარი და კონკრეტულიც არაფერი თქმულა, მაგრამ იმ პირობებში, რომ NATO–ს და შავი ზღვის აუზის წევრ რუმინეთში იგეგმება ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო ბაზის მშენებლობა, ეს ანთაძის ხედვით, იმედს აჩენს, რომ შავ ზღვაზე „კიდევ უფრო გააქტიურდება NATO“:

„მაგრამ ეს არ მოხდება უკრაინის ომის დასრულებამდე, ვიდრე არ გამოიკვეთება ახალი კონტურები. იმავდროულად პუტინმა გააკეთა განცხადება შავ ზღვაზე სასაზღვრო ძალების გაძლიერების აუცილებლობაზე... საჭადრაკო დაფაა“.

"რონდელის ფონდის" უფროსმა მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა სტოლტენბერგის ვიზიტიდან და საჯარო განცხადებებიდან რამდენიმე გზავნილი ამოიკითხა:

  • „ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ბაქოსა და ერევანში ჩასვლა და მგონია, რომ NATO ინტენსიურად მუშაობს, რათა ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა მოიხსნას და საბოლოო ჯამში მათ შორის სამშვიდობო შეთანხმებას მოეწეროს ხელი.
  • ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ჩვენ [საქართველოს პრემიერს – რედ] ორი კვირის წინ შევხვდით ერთმანეთს, მაინც ისევ აქ ვარ, ბაქოდან მოვდივარ და საქართველოში გამოვიარე, რადგან საქართველოს ვთვლით უმნიშვნელოვანეს ქვეყნადო“. ეს მნიშვნელოვანი განაცხადია. ანუ ნებისმიერი ვიზიტი რეგიონში საქართველოს გარეშე ვერ ჩაივლის, საქართველო NATO–სთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
  • მან ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოებას. უკრაინის კონტექსტში ახსენა და ეს იყო მნიშვნელოვანი ხაზგასმა: დღეს სხვადასხვა ანტიდასავლური ძალები ხშირად იმეორებენ, თითქოს რუსეთი იგებს ომს. მან [სტოლტენბერგმა – რედ.] ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ მოახერხა შავი ზღვის ფლოტის ფაქტობრივად ნეიტრალიზება და იმგვარად შეზღუდვა, რომ შავი ზღვის რეგიონში გახსნილია ნავიგაცია.
  • ასევე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ NATO აპირებს საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებას მისი პროგრამების განვითარების ხარჯზე და დააკონკრეტა. კარგად მენიშნა, რომ სამხედრო ინჟინერიაში გაუწევენ საქართველოს მეტ დახმარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ შეძლოს თავისი თავდაცვის ზღუდეების აღმართვა NATO-ს უახლესი სტანდარტებით, რადგან ის შიშები, რომელიც გააჩნია საქართველოს, რომ ხვალ, ზეგ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან შეიძლება შემოგვიტიოს რუსულმა კონტინგენტმა... ასე მარტივად არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ გააღწევენ საქართველოს თავდაცვით ზღუდეებს“.

ჯამში, გიორგი ანთაძის შეფასებით, NATO-მ თავისი რეგიონალური პოლიტიკის კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოხატა ამ ვიზიტით და ხაზი გაუსვა იმ თანამშრომლობას, რომელიც რეგიონის წევრ თითოეულ ქვეყანასთან აქვს. თუმცა, მისი დაკვირვებით, ერევანსა და ბაქოში გაკეთებული განცხადებები უფრო „დახუნძლული“ იყო და იგრძნობოდა კონკრეტიკა, „ნაკლებად საქართველოს შემთხვევაში, სადაც თვისობრივად ახალი არაფერი თქმულა“. კერძოდ, ანთაძემ ყურადღება გაამახვილა, რომ აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ გამოიყენა ეს პლატფორმა NATO–ს წევრი ქვეყნების გაზით მომარაგებაში მისი მნიშვნელობის ხაზგასასმელად; სომხეთმა – თანამშრომლობის განვითარებას, რაც თანხვედრაშია ფაშინიანის გააქტიურებულ პოლიტიკასთან, დაუახლოვდეს დასავლეთის ქვეყნებს; ორივე ქვეყანაში გაკეთდა აქცენტი სამშვიდობო შეთანხმების ძიებაზე.

„თბილისის შემთხვევაში მქონდა დანაკლისი, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი მოთხოვნები არ გაჟღერებულა უფრო ფართო დაახლოების ან სიახლეების შემოტანის თვალსაზრისით. პრინციპში, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, არ მაკვირვებს ამ ინერტულ პოზიციაში ყოფნა და ეს იგრძნობოდა“,– ამბობს ანთაძე და ასკვნის, რეგიონალური თვალსაზრისით, ბაქოსა და ერევანში ვიზიტი უფრო შინაარსობრივი შეიძლება იყოს, ვიდრე თბილისში, „მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ რჩება იმედი, რომ ვაშინგტონის სამიტზე შესაძლოა, რაღაც პოზიტიური ძვრები იყოს. იმედი გადაწურული არ მაქვს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები