ევროპაში NATO-ს უდიდესი ბაზის მშენებლობა უკრაინის მახლობლად დაიწყო

18-03-2024 14:47:22 მსოფლიო

რუმინეთის ტერიტორიაზე ევროპაში ნატოს ყველაზე დიდი ბაზის მშენებლობა დაიწყო 10 ათასი ჯარისკაცისთვის, წერს Euronews.

მშენებლობა დაიწყო უკვე არსებული "მიხაილ კოგალნიცეანუს" ავიაბაზის ტერიტორიაზე . სამხედრო ობიექტს დაიკავებს თითქმის სამი ათას ჰექტარ ფართობს და 10 ათასამდე ჯარისკაცისა და მათი ოჯახის წევრების დატევას შეძლებს. პროექტის წინასწარი ღირებულება 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს.

სამხედრო ბაზა მოიცავს ასაფრენ ბილიკებს, ანგარებს, იარაღის პლატფორმებს, ასევე სამოქალაქო ობიექტებს - საცხოვრებელი ოთახები, სკოლები, საბავშვო ბაღები, აფთიაქები, მაღაზიები და საავადმყოფო. მოსალოდნელია, რომ სამხედრო ნაწილი იქნება ყველაზე დიდი ასეთი ობიექტი ევროპაში, რომელიც გადააჭარბებს აშშ-ის საჰაერო ძალების საყრდენ პუნქტს გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე.

საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი დორინ პოპესკუ თვლის, რომ ბაზა უკრაინის ომის სიახლოვის გამო მუდმივ სამხედრო სტრუქტურას შექმნის.

„ბაზა გახდება ნატოს ყველაზე მნიშვნელოვანი მუდმივი სამხედრო სტრუქტურა სამხრეთ უკრაინის კონფლიქტთან სიახლოვის განო. ნუ წარმოვიდგინოთ, რომ ეს კონფლიქტი წელს დასრულდება, 2025 წელს, 2026 წელს, ეს არის გრძელვადიანი კონფლიქტი“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

სამშენებლო სამუშაოები ძირითადი ინფრასტრუქტურის განახლებით დაიწყო: მისასვლელი გზებისა და ელექტრო ქსელების შექმნა-რეკონსტრუქცია და ახალი ასაფრენი ბილიკის შექმნით არსებულის პარალელურად. პროექტის მიხედვით, ავიაბაზა თითქმის ნებისმიერი ტიპის თანამედროვე თვითმფრინავის განთავსებას შეძლებს.

რუმინეთის საჰაერო ძალების 57-ე საჰაერო ბაზა „მიხაილ კოგალნიცეანუ“ 1955 წელს გაიხსნა. ამჟამად იქ ნატოს ხუთი ათასი ჯარისკაცია ბაზირებული. იქვე მდებარეობს ევროპაში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ცენტრალური შტაბი.

გასული წლის შემოდგომაზე ბულგარეთმა გამოაცხადა სამხედრო ბანაკის მშენებლობა ქვეყნის ტერიტორიაზე ნატოს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის განსათავსებლად. პროექტის ღირებულება 50 მილიონ ევროზე მეტია.

თავდაცვის მინისტრ თოდორ ტაგარევის თქმით, საბრძოლო ჯგუფი შეიძლება განთავსდეს ორ სამხედრო ბაზაზე იამბოლის რეგიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ბულგარეთში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები