
გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა, ესტონეთმა – ჭურვების მიწოდება
19/03/2024 13:00:47 მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გამოაცხადა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი კიევისთვის რამშტაინის ფორმატის ფარგლებში შეხვედრის წინ.
„პროგრესი არის საბრძოლო მასალის მიმართულებით. ერთის მხრივ, ჩეხეთის ინიციატივის წყალობით, იმავდროულად, დღესვე შევძლებთ კიდევ ერთი პაკეტის გამოცხადებას. ამდენად, საქმე წინ მიიწევს, ზოგჯერ მოკლე ნაბიჯებით, ზოგჯერ – დიდით, მაგრამ მთავარია საბრძოლო მასალის მუდმივი მიწოდება“, - განაცხადა პისტორიუსმა 19 მარტს გერმანიაში რამშტაინის საავიაციო ბაზაზე.
რაც შეეხება Taurus-ის შორი მანძილის რაკეტებს, მინისტრმა თქვა, რომ ამ მიმართულებით „სიახლე არ არის“.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანას აქვს „სხვადასხვა ვარიანტი უკრაინაში მეტი საბრძოლო მასალის გაგზავნისთვის“.
„შესაძლოა მოვიძიოთ სახსრები, რომ ვიყიდოთ ევროპის გარეთ - ვგულისხმობ ჭურვებს უკრაინაში გასაგზავნად. ხვალ კი კიევში ვიქნები“, - აღნიშნა პევკურმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრს ავიაბაზაზე მისვლისას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ერთი დღით ადრე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იგი შეთანხმდა პოლონეთთან უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდაზე. პისტორიუსმა აღნიშნა, რომ „ბერლინი და ვარშავა ამაზე იმუშავებენ ორივე ქვეყნის ინდუსტრიასთან“.
ასევე, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა 18 მარტს განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ცდილობს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას „რაც შეიძლება სწრაფად“.