
გუბერნატორი: უკრაინის მხრიდან იერიშების გამო რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან სხვა რეგიონებში 9000-მდე ბავშვის ევაკუაცია განხორციელდება
19/03/2024 10:28:23 მსოფლიო
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინის მხრიდან იერიშების გამო ოლქიდან სხვა რეგიონებში 9000-მდე ბავშვის ევაკუაცია განხორციელდება.
"9000-მდე ბავშვს გაიყვანენ ქალაქ ბელგოროდიდან და ბელგოროდის, შებეკინოს და გრაივორონის რაიონებიდან. გასული ერთი კვირის განმავლობაში ბელგოროდის ოლქში დაიღუპა 16 და დაშავდა 98 ადამიანი", –– განაცხადა გუბერნატორმა.
ზედიზედ, მერვე დღეა რუსეთი, აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან გრძელდება შეტევა ბელგოროდის ოლქზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა 14 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბელგოროდის და კურსკის ოლქები „აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონებად“ აქციეს რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც სხვა გზა არ დარჩათ, გარდა იმისა, რომ საკუთარი უფლებებისთვის პუტინის რეჟიმს იარაღით ებრძოლონ.
რუსეთის ხელისუფლებას ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირის ბატალიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. მოხალისეთა შეაირაღებულმა ჯგუფებმა უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში რამდენიმე ოპერაცია ჩაატარეს 2023 წელსაც.