
სეული: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში საბრძოლო მასალებით დატვირთული 7000–მდე კონტეინერი გააგზავნა
19/03/2024 06:30:52 მსოფლიო
2023 წლიდან ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში საბრძოლო მასალებით დატვირთული 7000–მდე კონტეინერი გააგზავნა, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ უონ-სიკიმ განაცხადა.
"ჩრდილოეთ კორეა იარაღის ტრანსპორტისთვის თავდაპირველად გემებს იყენებდა, მაგრამ ახლა სულ უფრო ხშირად მიმართავს სარკინიგზო საშუალებებს",– განაცხადა მან.
მისივე თქმით, "ფხენიანმა რუსეთისთვის გაწეული სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ, სავარაუდოდ, მოსკოვიდან 9000-ზე მეტი კონტეინერი მიიღო დახმარების სახით".
თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ფხენიანმა იაპონიის ზღვისკენ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ადრე ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულეს უკრაინის ომის დროს რუსეთისთვის ჭურვებისა და სხვა სამხედრო დახმარების გაგზავნაში. როგორც რუსეთმა, ასევე ჩრდილოეთ კორეამ უარყვეს ეს ბრალდებები.