Accentnews.ge
სტოლტენბერგი: რუსეთის მიერ არჩევნების ორგანიზება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულიად უკანონოა

სტოლტენბერგი: რუსეთის მიერ არჩევნების ორგანიზება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულიად უკანონოა

18/03/2024 12:30:15 პოლიტიკა

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მიერ არჩევნების ორგანიზება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულიად უკანონოა. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. NATO კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. რუსეთის მიერ არჩევნების ორგანიზება საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულიად უკანონოა. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში აშკარად არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნები გაიხსნა უკანონოდ:

„აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს“.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა. საარჩევნო უბნები ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში უკანონოდ გაიხსნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S