
მოლდოვამ რუსული საფრთხის ფონზე თავშესაფრების აღდგენა გადაწყვიტა
18/03/2024 10:34:17 მსოფლიო
მოლდოვის ხელისუფლება აპირებს რაც შეიძლება მეტი თავშესაფრის აღდგენას და ამისთვის ეძებს სახსრებს, განაცხადა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ადრიან ეფროსმა.
მისი თქმით, გასულ წელს პასუხისმგებელმა სტრუქტურებმა ქვეყანაში არსებული ყველა თავშესაფრის ინვენტარიზაცია ჩაატარეს და მთელი რიგი პრობლემები გამოავლინა
„ზოგიერთი მათგანი კარგ მდგომარეობაშია: კეთილმოწყობილი, აღჭურვილი ყველა საჭიროებით. მაგრამ უმეტესობა მოითხოვს სერიოზულ ინვესტიციას, რადგან მრავალი წლის განმავლობაში იყვნენ უყურადღებოდ. გარდა ამისა, არის მათი აღჭურვის სპეციალური პირობები, ავტონომიის უზრუნველყოფა 10, 15 ან 30 დღით“, - განაცხადა ეფროსმა "რადიო მოლდოვასთან" ინტერვიუში.
გასულ წელს მოლდოვის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო თავდაცვითი თავშესაფრების მოდერნიზებას, აღჭურვას და სასმელი წყლით მომარაგებას.
ეროვნული ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის მონაცემებით, მოლდოვაში სამოქალაქო თავდაცვის 198 ობიექტია რეგისტრირებული. თუმცა, ისინი არ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების მოთხოვნებს და არ არიან მზად ექსპლუატაციისთვის. ზოგიერთ მათგანს კერძო პირები მართავენ და დანგრეულ ან დატბორილ მდგომარეობაშია. ზოგიერთ ოთახს არ აქვს ელექტრო გაყვანილობა და ვენტილაცია.
„ამ კუთხით შემუშავდა მათი რეკონსტრუქციისა და შემდგომი მოვლა-პატრონობის გეგმა“, - განაცხადა რესპუბლიკის ტექნიკური ზედამხედველობისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი ლავრინენკომ.
ასევე აღინიშნა, რომ რესპუბლიკაში არსებული თავშესაფრები აშენდა 1960-1980-იან წლებში მოძველებული ტექნოლოგიების გამოყენებით. ჯამში, საგანგებო ვიტარებაში, ისინი 62 ათას ადამიანის შეფარებას შეძლებენ.
გასული წლის თებერვალში მთავრობამ გამოაქვეყნა რესპუბლიკის თავშესაფრების ინტერაქტიული რუკა, რომელიც საჭიროებისას შეიძლება გამოყენებულ იქნას სარაკეტო საფრთხის შემთხვევაში. ეს მოიცავდა მიწისქვეშა გადასასვლელებს, სარდაფებს საცხოვრებელ კორპუსებში და სხვა თავშესაფრებს. მაშინ რესპუბლიკის ხელისუფლებამ "ამ ზომებს დროებითი" უწოდა, რადგან "ქვეყანაში არსებული ვითარება უკეთესის სურვილს ტოვებს" უკრაინაში ომისა და უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმების გამო.