ილია დარჩიაშვილი – მექსიკის საზღვართან საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმაციაზე: არავინ არის გატაცებული
18/03/2024 10:19:46 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მექსიკის საზღვართან საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„პირველ რიგში, თითოეული ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა, ჩვენი თითოეული კონსული, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს, მოვალეა, ვალდებულია და ასრულებს იმ ფუნქციას, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის ინტერესები დაიცვან. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ცალკეული ტელევიზიები საუბრობენ, რომ ქართველები არიან გატაცებულები. თქვენ გარდა ქართველების გატაცებაზე არავინ საუბრობს. ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მაყურებლები შეცდომაში. გეყოთ იმის ძალა და უნარი, რომ როდესაც არასწორ და უსაფუძვლო ინფორმაციას გაავრცელებთ, გამოხვიდეთ და თქვათ - ეს იყო დაუზუსტებელი ინფორმაცია. ამ გატაცების შესახებ არავინ საუბრობს, თქვენ გარდა და მოგიწოდებთ, სიცრუის ტირაჟირებისგან თავი შეიკავოთ! ნუ ატყუებთ საქართველოს მოქალაქეებს, როცა არ გაქვთ ინფორმაცია. ნუ საუბრობთ, ნუ აყენებთ ადამიანებს ისეთ მდგომარეობაში, რომელმაც შეიძლება რაღაც გაურკვეველი პროცესები გამოიწვიოს. არავინ არ არის გატაცებული! თუკი ნებისმიერი ადამიანს, ეს იქნება მექსიკა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დასჭირდება თითოეული ჩვენი დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და გავაგრძელებთ მომავალშიც. მოგიწოდებთ გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი და ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში! ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, მათთან ვმუშაობთ, რომ მათ საჭიროებებზე მოხდეს რეაგირება, ჩვენ ამას გავაკეთებთ მომავალში",- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
16 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საელჩო მექსიკაში „არკვევდა“ საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელს, რომლებიც, მედიის ინფორმაციით, ნარკოკარტელმა გაიტაცა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, 90 000 დოლარს ითხოვს.
„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, - განაცხადეს 16 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
მანამდე, მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების შესახებ ინფორმაცია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.


