
საქსტატი: 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 2 044 ლარამდე გაიზარდა
18/03/2024 07:45:18 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3%-ით გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა. ზრდა 270.9 ლარია.
საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითგაიზარდა 17.3%-ით);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი (გაიზარდა 14.1%-ით);
- მშენებლობა - 3 062.5 ლარი (გაიზარდა 20.8%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი (გაიზარდა 19%-ით).
საქსტატის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში ქალების ხელფასს კვლავ აღემატებოდა. 2023 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 607.3 ლარით, ხოლო კაცების - 2 463.8 ლარით განისაზღვრა.
2023 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 285.1 ლარით (14.9%) გაიზარდა და 2 196.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 420.5 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 17.1%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 393.5 ლარი, გაიზარდა 22.4%-ით) სფეროებში ფიქსირდება.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი. ყველაზე ნაკლები დასაქმებულთა ხელფასი – 1013 ლარი კვლავ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთშია.