
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ბლინკენის სეულში ვიზიტის ფონზე
18/03/2024 07:20:43 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ ზღვაზე გაისროლა მცირე მანძილის ბალისტიკური რაკეტები, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სეულს ეწვია. იტყობინება Reuters.
სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ გასროლა მოხდა ორშაბათს დილის 7:44 საათიდან დილის 8:22 საათამდე პერიოდში. რამდენიმე მცირე რადიუსის რაკეტამ დაახლოებით 300 კმ იფრინა.
რაკეტები ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანიდან გაუშვეს და აღმოსავლეთ სანაპიროზე დაეშვნენ.
სამხრეთ კორეამ მომხდარი დაგმო, როგორც "მკაფიო პროვოკაცია" და განაცხადა, რომ მათ შესახებ ინფორმაციას უზიარებს შეერთებულ შტატებსა და იაპონიას.
იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამი რაკეტა იქნა გაშვებული, რომელთაც დაახლოებით 350 კმ–ზე იფრინეს, მაქსიმალური სიმაღლე – 50 კმ.
იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ დაგმო რაკეტების გაშვების ფაქტი: „ჩრდილოეთ კორეის ქმედებების სერია საფრთხეს უქმნის ჩვენი რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებას და სრულიად მიუღებელია“, - თქვა კიშიდამ და გაშვებას გაეროს რეზოლუციების დარღვევა უწოდა.
ჩრდილოეთ კორეის სამხედროები ბოლო კვირების განმავლობაში ატარებენ წვრთნებს,, ხშირად იზოლირებული სახელმწიფოს ლიდერის კიმ ჩენ ინის პირადი ზედამხედველობით.
ბლინკენი სტუმრობს სამხრეთ კორეას დემოკრატიის სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინიციატივით, რათა განიხილოს დემოკრატიის უკანდახევისა და უფლებებისა და თავისუფლებების ეროზიის შეჩერების გზები მთელს მსოფლიოში.