
ოდესაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20–მდე გაიზარდა, დაშავებულთა – 73–მდე
15/03/2024 19:08:20 მსოფლიო
ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, დაშავებულთა – 73-მდე. ამის შესახებ ოდესის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს.
რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ დაღუპულებს შორის ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად არიან, აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები. მედიკოსებსა და მაშველებს შორის არიან მძიმედ დაჭრილებიც.
სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა 10 კერძო სახლი, ავტოგასამართი სადგური, დაბალი წნევის გაზსადენი და 2 სახანძრო-სამაშველო მანქანა, გაჩნდა ხანძარი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ოდესის დაბომბვას "ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმა" უწოდა:
"ოდესაში ჯერ კიდევ გრძელდება სამაშველო სამუშაოები და დახმარება რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ. ამ ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმის შემდეგ: ორი რაკეტიდან მეორე მაშინ მოხვდა, როდესაც ადგილზე მაშველები და ექიმები მივიდნენ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან სასწრაფო დახმარების მედიკოსები, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები. ვუსამძიმრებ ყველას ნათესავსა და ახლობელს. ათობით დაჭრილია. ნანგრევების ქვეშ გრძელდება ადამიანების ძებნა. ჩართულია ყველა საჭირო სამსახური. საოლქო ხელმძღვანელობას ყველა დაშავებულის ბოლომდე დახმარება დავავალე. ჩვენი თავდაცვის ძალები აუცილებლად გააკეთებენ ყველაფერს, რათა რუსმა მკვლელებმა ჩვენი სამართლიანი რეაქცია იგრძნონ".
16 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
15 მარტის შუადღისას ოდესა რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოექცა.
თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესას ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემით "ისკანდერ M" დაარტყეს.