
TI: მარნეულის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ დეკლარაციაში 4 კომპანია და 2 უძრავი ქონება დამალა
15/03/2024 15:02:23 პოლიტიკა, საზოგადოება
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ ვასილ ხახულაშვილმა 2024 წელს შევსებულ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობის შესახებ არ მიუთითა და სრულად არ ასახა უძრავი ქონება.
კერძოდ, ორგანიზაციამ გაარკვია, ხახულაშვილი ბიზნეს წილებს ოთხ კომპანიაში ფლობს, რომელთაგან არც ერთი არ არის ასახული დეკლარაციაში. საყურადღებოა, რომ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ მან არც 2022 და 2023 წლის დეკლარაციებში არ მიუთითა.
TI–ს ცნობით, ხახულაშვილი ფლობს:
- შპს აი გაზი - 25%
- შპს აი გაზი+ - 50%
- შპს გაზი 555 - 49%
- შპს გაზი 555+ - 49%
"ვასილ ხახულაშვილმა მის მფლობელობაში არსებული ბიზნესწილები მართვის უფლებით არ გადასცა მესამე პირს, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის პირდაპირი დარღვევაა" - მიუთითებს "გამჭვირვალეობა".
გარდა ამისა, ხახულაშვილმა დეკლარაციაში სრულად არ ასახა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:
- ქალაქ მარნეულში 1400;
- 1460 კვ.მ მიწის ნაკვეთები.
"საინტერესოა ისიც, რომ 2016 წელს ხახულაშვილმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა გიორგი ქოიავამ პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” 20-20,000 ლარი შესწირეს.
საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, ვასილ ხახულაშვილი, როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში" - ხაზს უსვამს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს ვასილ ხახულაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება.