
რუსეთის ბელგოროდში, დაბომბვის გამო, ხმის მიცემის პროცესის შეჩერება მოუწიათ
15/03/2024 07:44:21 მსოფლიო
პარასკევს დილით ბელგოროდის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა და რამდენიმე სახლი დაზიანდა. ამის შესახებ ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა "უკრაინის ტერიტორიიდან მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან გასროლილი ჭურვები ჩამოაგდეს".
უკრაინის საზღვართან მდებარე რუსულ რეგიონულ ცენტრში ზედიზედ მესამე დღეა, აფეთქებებია.
რუსული სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, პარასკევს დაბომბვის გამო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესის შეჩერება მოუწიათ. დღეს კენჭისყრის პირველი დღეა. იუწყებიან, რომ საარჩევნო უბნებზე მისულებმა თავშესაფრებს შეაფარეს თავი და რომ დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კენჭისყრა გაგრძელდა.
უკრაინას დაბომბვაზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ მსგავსი შესაძლებლობის შესახებ გაფრთხილებით გამოვიდნენ "რუსეთის თავისუფლების ლეგიონი" და რუსეთის მოხალისეთა კორპუსი, შეიარაღებულმა ფორმირებები, რომლებიც იბრძვიან უკრაინის მხარეს და დაკომპლექტებულნი არიან რუსეთის მოქალაქეებისგან. მათ გააფრთხილეს ბელგოროდის და კურსკის მკვიდრები რეგიონების ქალაქებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ და ევაკუაცია ურჩიეს.
ბოლო დღეებში იყო ბრძოლები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, "რუსეთის თავისუფლების ლეგიონი" და რუსეთის მოხალისეთა კორპუსი იუწყებოდნენ გარღვევის შესახებ, რასაც რუსეთი უარყოფს.
წინა ღამეს რუსი სამხედრო ბლოგერები იტყობინებოდნენ ბელგოროდის რეგიონში საზღვრის გარღვევის ახალი მცდელობის შესახებ. ამტკიცებდნენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე, სოფელ კოზინკაში დესანტი ვერტმფრენით გადასხეს.
ამის შემდეგ, ბელგოროდის რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები არ იმყოფებოდნენ. არ არსებობს დამოუკიდებელი წყაროების ცნობები იმის შესახებ, თუ რა მოხდა კონკრეტულად კოზინკაში.
კოზინკას, გლოტოვოსა და გორა-პოდოლის სასაზღვრო დასახლებების 400-მდე მცხოვრები, როგორც გლადკოვმა განაცხადა, ევაკუირებულია. პარასკევს დილით, საზღვრიდან არც თუ ისე შორს, გრეივორონის რეგიონალური ცენტრის დაბომბვა კვლავ დაფიქსირდა. პარასკევს საზღვარზე სამხედრო შეტაკებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
პარასკევს ღამით რუსეთმა უკრაინას "შაჰედის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით კვლავ შეუტია. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ჩამოგდებულია 27–ვე დრონი, რომელთაგან უმეტესობა კიევის მიმართულებით მიფრინავდა.
ხუთშაბათს საღამოს რუსული დრონი ვინიცის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.