
რუსეთში სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო
15/03/2024 05:35:44 მსოფლიო
რუსეთში დაიწყო ხმის მიცემა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 15-17 მარტს ტარდება. არჩევნებში მონაწილეობს ოთხი კანდიდატი: რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, დუმის კომუნისტი დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ლეონიდ სლუცკი და დუმის ვიცე-სპიკერი პარტიიდან „ახალი ხალხი“ ვლადისლავ დავანკოვი.
პუტინის გარდა ყველა კანდიდატი თავისი პარტიების მიერაა წარდგენილი. პუტინმა საკუთარი კანდიდატურა თავად წარადგინა საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერით. არც ერთი „კონკურენტი“ რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს ღიად არ აკრიტიკებს და არც უკრაინაში ომს გმობს.
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა პოლიტიკოს ბორის ნადეჟდინს და ჟურნალისტ ეკატერინა დუნცოვას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აკრიტიკებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე 112 309 947 ამომრჩეველია, ხოლო საზღვარგარეთ - 1 890 863.
რუსეთი თავის „ტერიტორიას“ უწოდებს უკრაინაში ოკუპირებულ რეგიონებსაც - დონეცკს, ლუგანსკს, ხერსონს, ზაპოროჟიეს და ყირიმს.
რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, მოსკოვის მიერ „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებულ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, რომელთა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას.