
მედია: ჯონსონი სენატს უკრაინის დახმარების განბლოკვას დაპირდა
14/03/2024 14:03:51 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა რესპუბლიკელ სენატორებთან საუბარში განაცხადა, რომ კონგრესი უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიას მოამზადებს,- იუწყება The Hill წყაროებზე დაყრდნობით.
წყარო ყვება, რომ კონგრესის ბიბლიოთეკაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე მაიკ ჯონსონი ცდილობდა სენატორების დარწმუნებას, რომ სრულად აცნობიერებს საკითხის სიმწვავეს.
"არავის სურს ვლადიმირ პუტინის გამარჯვება, მე ვფიქრობ, რომ ის უკრაინაში არ გაჩერდება და გააგრძელებს სვლას ევროპაში. ამ ვითარებაში არსებობს მართალი და არასწორი, ეს არის ბოროტება სიკეთის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში უკრაინა მსხვერპლია",- თქვა ჯონსონმა.
ის გამოვიდა ახალი კანონპროექტის, ან უკვე არსებულში ცვლილებების შეტანის ინიციატივით. შეხვედრაზე მყოფი სენატორები ამბობენ, რომ ჯონსონი დახმარების პაკეტის მიღებას ე.წ. ლენდ-ლიზის ან გრძელვადიანი უპროცენტო სესხის ფორმით ფიქრობს.
ამასთან, როგორც იუწყებიან, ჯონსონი ასევე განიხილავს დაზღვევის დამატებითი მექანიზმების შექმნას. საუბარია რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციაზე და მათ უკრაინის დახმარების ფონდისთვის გადაცემაზე.
"მოვისმინე, რომ სპიკერმა თქვა, რომ უკრაინას ხელცარიელი არ დავტოვებთ",- თქვა ჯონ კორინმა, ერთ-ერთმა 22 რესპუბლიკელი სენატორიდან, რომელმაც სენატში მხარი დაუჭირა უკრაინის დახმარების პაკეტს.
ოპტიმისტურადაა განწყობილი კიდევ ერთი რესპუბლიკელი სენატორი კევინ კრამერიც: "სპიკერმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება."
თითქმის 6 თვეა ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო ვერ ახერხებს კანონპროექტის დამტკიცებას, რომელიც უკრაინისთვის $60 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს რესპუბლიკელთა წინააღმდეგობის გამო.