
ესპანეთში დააკავეს თაღლითები, რომლებიც დაკარგული მიგრანტების ოჯახებს ფულს სძალავდნენ
14/03/2024 11:46:32 მსოფლიო
ესპანეთში სამართალდამცავებმა დააკავეს 14 ადამიანი, რომლებიც ცდილობდნენ სარგებლის მიღებას დაკარგული აფრიკელი მიგრანტების ოჯახებიდან – მათ ჰპირდებოდნენ ახლობლების პოვნას, იდენტიფიცირებას და მათი ცხედრების შინ დაბრუნებას ფულის სანაცვლოდ. ,– წერს Reuters.
პოლიციის ცნობით, ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელებს იყენებდნენ თავიანთი "სერვისების" შესათავაზებლად.
ჯგუფს რამდენიმე წელი ჰქონდა კომუნიკაცია მაროკოსა და ალჟირში მყოფ პირებთან, რომელთა ოჯახის წევრებიც დაიკარგნენ ნავებით ესპანეთის სანაპირომდე მიღწევის მცდელობისას.
თაღლითები ოჯახებს ფულის სანაცვლოდ ესპანეთის ხელისუფლებასთან შუამავლობას სთავაზობდნენ, რიგ შემთხვევაში, იყენებდნენ ნაცნობებს სამედიცინო დაწესებულებებში მიგრანტების ცხედრების ფოტოების მისაღებად. შემდეგ ახლობლებს სთხოვდნენ პირად ინფორმაციას დაკარგული ადამიანების შესახებ.
სამართალდამცავებმა 13 სახლი გაჩხრიკეს და თითქმის 70 ათასი ევრო ნაღდი ფული, მანქანები და საბუთები ამოიღეს.
დაკავებულებს შეიძლება წაუყენონ მთელი რიგი ბრალდებები, მათ შორის – საიდუმლოების გამჟღავნება, გარდაცვლილის უპატივცემულობა, თაღლითობა, გაყალბება, მექრთამეობა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობა.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრანტების რაოდენობა, რომლებიც სხდებიან ნავებში კანარის კუნძულებზე მოხვედრის იმედით, წელს ექვსჯერ გაიზარდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.