
Bloomberg: ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებსაც უკრაინამ დრონებით შეუტია, რუსეთის სიმძლავრეთა 12% მოდის
14/03/2024 06:30:06 მსოფლიო
რუსეთის სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლებსაც ბოლო ორ დღეში უკრაინამ დრონებით შეუტია, რუსეთში ნავთობის გადამუშავების საერთო სიმძლავრის დაახლოებით 12% მოდის, – იუწყება Bloomberg.
სააგენტოს ინფორმაციით, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 13 მარტს იყო, წელიწადში 17,1 მილიონ ტონა ნავთობს აწარმოებს და მოსკოვის მახლობლად მდებარე რეგიონების ერთ-ერთი ძირითადი მომმარაგებელია.
რიაზანის ქარხანა რუსეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესი კომპანია „როსნეფტის“ კონტროლქვეშაა. Reuters-ის ცნობით, დრონებით დარტყმის შედეგად გამოწვეული ხანძრის გამო მუშაობა შეაჩერა ნავთობის გადამუშავების ორმა ძირითადმა დანადგარმა.
- 13 მარტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარე ნავთობპროდუქტების ქარხანაზეც, რომელიც იძულებული იყო მუშაობა შეეჩერებინა. Bloomberg-ის მონაცმებით, ამ ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 5,6 მილიონი ტონაა.
- 13 მარტს დრონებით შეტევა იყო ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც. ქარხანა „კინეფი“ დიზელის საწვავის ექსპორტს აწარმოებს.
- 12 მარტს დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდის ქალაქ კსტოვოში მდებარეობს.