
ცხინვალის პრეცედენტი: რის გამო ჩამოართვა მოსკოვმა ოს „დეპუტატებს“ მოქალაქეობა
14/03/2024 01:04:13 კონფლიქტები
ამასწინათ ცხინვალში ძალზე უსიამოვნო ამბავი შეიტყვეს: არცთუ მაღალი რანგის ერთ-ერთმა რუსმა ჩინოსანმა ოსური „პარლამენტის“ ერთბაშად სამ წევრს - გარი მულდაროვს, დავით სანაკოევსა და ძამბოლათ მედოევს კალმის ერთი მოსმით რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა.
უშიშროების ფედერალური სამსახურის ფორმულირების თანახმად, ხსენებულ პირთა მიმართ სანქცია „რუსეთის ეროვნული უსაფრთხებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების“ გამო იქნა გამოყენებული. კერძოდ, როგორც მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ უწყისებშია აღნიშნული, მიზეზი მდგომარეობს „ქმედებებში, რომლებიც რუსეთის საზღვრის სიახლოვეს დაძაბულობის ზრდისკენ იყო მიმართული“.
შეგახსენებთ, რომ „მოქალაქეობის შესახებ“ რუსული კანონის ბოლო - გასულ წელს მიღებული რედაქციის თანახმად, უშიშროების ფედერალური სამსახური უფლებამოსილია, მიღებული მოქალაქეობა ჩამოართვას იმ უცხოელებს, რომლებიც თავისი ქმედებებით რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიან, განურჩევლად მსგავსი ქმედებების ჩადენის დროისა. მოქალაქეობა შეიძლება, ჩამოართვან სხვა შემთხვევებშიც: რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდებებისთვის, შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის, ან, მაგალითად, არასასურველ საერთაშორისო ან უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის – ანუ სწორედ იმ „უცხოეთის აგენტობისთვის“, რომლის შესახებ კანონის მიღებასაც კრემლი ამჟამად აქტიურად აიძულებს სოხუმს.
უშიშროების ფედერალური სამსახურის უცნაური და ბუნდოვანი ფორმულირება დიდ სივრცეს ტოვებს ინტერპრეტაციებისთვის, თუმცა მთლიანობაში, ცხინვალში თვლიან, რომ ამ გადაწყვეტილებასთან „რუსეთში არსებულ ქართულ ლობის“ აქვს კავშირი.
რა მოხდა სინამდვილეში და რატომ აუმხედრდა მოულოდნელად რუსეთის უშიშროება ოს პოლიტიკოსებს? - ამ კითხვაზე პასუხი, მაღალი ალბათობით, ცხინვალში არსებულ შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში უნდა ვეძებოთ.
ოს „დეპუტატთა“ ხსენებული სამეული აქტიურად ლობირებდა „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადახედვასა“ და „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის“ კიდევ 200 კვ. კმ-ით გაფართოებას. თუმცა გასული წლის შემოდგომაზე ცხინვალში ჩასულმა მოსკოველმა კურატორმა, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტის ადნისტრაციის უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების სამმართელოს უფროსმა იგორ მასლოვმა გააფრთხილა ოსი პოლიტიკოსები, რომ მსგავსმა ინიციატივებმა შეიძლება, საქართველოში „არასასურველი პროცესების პროვოცირება მოახდინოს, საბოლოო ჯამში კი რეგიონში ისედაც მყიფე მშვიდობის დარღვევა გამოიწიოს“. იმავე პერიოდში მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ მასლოვის ერთ-ერთმა თანმხლებმა ძალოვანმა განუცხადა ერთ-ერთ ოს პოლიტიკოსს, რომ მსგავსი აქტივობების გამო მისთვის შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ.
ამასთანავე, ცხინვალში კერძო საუბრებში იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ „დეპუტატთა“ მოქალაქეობაჩამორთმეული სამეული წარმოადგენდა „პატრიოტების“ ფრაქციას, რომელიც ცალსახად „დამოუკიდებლობის“ იდეის მომხრეა და არა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის. აქედან გამომდინარე, ბევრი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვის გადაწყვეტილების ნამდვილი მიზეზი მათი ამგვარი პოზიცია გამხდარიყო.
ამჟამად მოქალაქეობაჩამორთმეული ოსი „დეპუტატები“ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრებას რუსულ სასამართლოში ცდილობენ. თუმცა ისიც კი საკითხავია, შეძლებენ თუ არა საერთოდ, ცხინვალიდან გააღწიონ რუსეთში, სადაც საქმე უნდა იყოს განხილული.
ყველაზე რთულ მდგომარეობაში მაინც დავით სანაკოევი აღმოჩნდა: ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხომ 2008 წლის „ხუთდღიანი ომის“ დროს სავარაუდო სამხედრო დანაშაულების ჩადენის გამო მისი დაკავების ორდერი აქვს გაცემული, ახლა კი სანაკოევი რუსეთის მოქალაქეობის გარეშეც დარჩა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი მის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების ცალმხრივ უკანონო ბორდერიზაციას 2008 წლის ომის დასრულებისთანავე შეუდგა. მას შემდეგ გასული წლების განმავლობაში რუსმა მესაზღვრეებმა გამყოფ ხაზთან ასობით ადგილობრივი ქართველი დააკავეს. როგორც წესი, უკანონოდ დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაჰყავთ, სადაც ზოგიერთს წლობით ამყოფებენ. გარდა ამისა, საოკუპაციო ზონაში დროდადრო რუსი და ოსი ძალოვანების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობები ხდება. რუსი მესაზღვრეები ჰუმანიზმს არც ბორდერიზაციის პროცესში იჩენენ: ადგილობრივებს აჭრიან არა მარტო მიწის ნაკვეთებს, არამედ საგვარეულო საფლავებსა და ეკლესიებსაც კი. ხშირია შემთხვევები, როცა რუს ძალოვანებს მავთულხლართები ქართველების საცხოვრებელი სახლების ეზოებში იმგვარად გაჰყავთ, რომ ნაკვეთი და სახლი საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს რჩება...
ასე, რომ საქართველოსა და ქართველების მიმართ სენტიმენტებში მოსკოვზე ეჭვს ნამდვილად ვერ მიიტან. შესაბამისად, ოსი „დეპუტატებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის ისტორიაში ქართული კვალის ძიება უბრალოდ სიბეცეა.
ხანდახან რუსეთის გადაწყვეტილებები მარტივი და გასაგები ინტერესებითაა გამოწვეული. ამჟამად მოსკოვს თბილისთან ურთიერთობების დაძაბვა არ სურს და ყველა, ვინც ამ კურსისთვის ხელის შეშლას ეცდება, ავტომატურად ცხადდება მტრად. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცხინვალის შიშები, კრემლმა იგი ოდესმე თბილისს არ ჩააბაროს, აბსოლუტურად უსაფუძვლოა: სამომავლოდ მოვლენათა მსგავსი განვითარების შესაძლებლობას სრულად ვერ გამოვრიცხავთ, თუმცა არა აქ და ახლა.
მთავარი ამ ისტორიაში თავად პრეცედენტია იმისა, რომ რუსეთმა მოქალაქეობა ჩამოართვა სამ ოს „დეპუტატს“, რომელიც მოსკოვის პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის სფეროში ჩარევას ცდილობდა.
ახლა რუსეთის ყველაზე თავგადაკლული მხარდამჭერებიც კი და არა მარტო ცხინვალში, არამედ, მათ შორის, აფხაზეთშიც ნათლად ხედავენ, რომ მოსკოვისთვის ერთგულების ფიცი და კრემლის ყველა ბრძანების შესრულება საკმარისი აღარაა, რომ ეს ყველაფერი პატრონის ლოიალურობის გარანტიას არ წარმოადგენს. კრემლს ხომ საუკეთესო შემთხვევაში დამთმობი ნოტარიუსები სჭირდება, რომლებიც უფროსი ძმის ყველა მითითებას უსიტყვოდ შეასრულებენ.
რაჟდენ ქაჯაია