
რუსულმა ძალებმა სუმი დაბომბეს, არის მსხვერპლი
13/03/2024 18:14:54 მსოფლიო
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის ოხტირის რაიონის ველიკოფისარივის თემი დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, 13 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ოკუპანტებმა ოხტირის რაიონის, ველიკოფისაროვის თემის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნაღმმტყორცნებიდან დაბომბვა დაიწყო.
დამპყრობლების თავდასხმის შედეგად 54 წლის ადგილობრივი დაიღუპა, ორი ქალი დაშავდა.
ოხტირის რაიონული პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე, განზრახ მკვლელობასთან ერთად (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი).