
რუსული მედია შლის ინფორმაციას დრონით შეტევის შედეგად ФСБ–ს შენობის დაზიანების შესახებ
13/03/2024 17:38:42 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS-მა და ბელგოროდის რამდენიმე საჯარო გვერდმა წაშალეს ცნობები ბელგოროდში ФСБ–ს შენობაზე დრონის შეჯახების შესახებ, რომელიც გამოჩნდა 13 მარტის დილით. ამაზე ყურადღება გაამახვილა "ნოვაია გაზეტა ევროპამ".
გამოცემა წერს, რომ ქალაქის ცენტრში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რომელიც 13 მარტის დილით გაისმა, ადგილობრივმა არხებმა სახლების ზემოთ დაფიქსირებული კვამლის კადრები გამოაქვეყნეს. ამავდროულად, TASS წერდა, რომ დრონი დაეჯახა ФСБ -ს შენობას. სააგენტომ მოგვიანებით წაშალა ეს შეტყობინება, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მსგავსი პოსტები წაიშალა ბელგოროდის მინიმუმ 6 ტელეგრამ–არხზე.
როგორც "ნოვაია გაზეტა ევროპა" აღნიშნავს, TASS-ის ტელეგრამის არხიდან სულ მცირე ორი პუბლიკაცია გაქრა: მათგან ერთმა იტყობინებოდა დრონით თავდასხმის შესახებ, ხოლო მეორეში ФСБ -ს შენობის დაზიანებაზე იყო საუბარი: "ფასადი დაზიანდა და ჩამსხვრეულია მინები".
ბელგოროდის საჯარო გვერდებიდან ასევე გაქრა ფოტოები, რომლებიც აფიქსირებდა კვამლის მაღალ ინტესოვიბას ქალაქის ცენტრში.
რეგიონის გუბერნატორს ვიაჩესლავ გლადკოვს არ წაუშლია თავისი ცნობა დრონის თავდასხმის შესახებ. თუმცა ნათქვამია, რომ ერთ-ერთი დრონი კორპუსს შეეჯახა, მეორე კი „მდინარეში ჩავარდა“. ФСБ -ს შენობის დაზიანებაზე საუბარი არ არის.