Accentnews.ge
რუსულმა სასამართლომ უკრაინელ ჟურნალისტს 13 წელი მიუსაჯა

რუსულმა სასამართლომ უკრაინელ ჟურნალისტს 13 წელი მიუსაჯა

13/03/2024 15:38:15 მსოფლიო

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა უკრაინელი უფლებადამცველი მაქსიმ ბუტკევიჩის სასჯელი – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამის შესახებ "მედიაზონა" სასამართლო დარბაზიდან იუწყება.

სხდომაზე ბუტკევიჩმა განაცხადა, რომ მან ბრალდება წამების მუქარის ქვეშ აღიარა. „ერთის მხრივ, მითხრეს, რომ თუ დავთანხმდებოდი აღიარებას, სასწრაფოდ გამცვლიან რუსეთის შეიარაღებული ძალების მსჯავრდებულ სამხედრო ტყვეში. როგორც სხვა არგუმენტი, მითხრეს, რომ უარის შემთხვევაში დავექვემდებარებოდი ფიზიკური ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდებს. ზოგიერთი [მეთოდი] დამანახეს“, - განაცხადა ბუტკევიჩმა.

უფლებადამცველი, რომელიც შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დაატყვევეს და გაასამართლეს 2023 წლის მარტში. მას სევეროდონეცკის საცხოვრებელი კორპუსისთვის ყუმბარმტყორცნის სროლას ედავებოდნენ. მაშინ გამოცემა Grata-მ დაწერა, რომ ბუტკევიჩი დაბომბვის დროს იმყოფებოდა კიევში და საბრძოლო ზონაში მხოლოდ ათი დღის შემდეგ ჩავიდა.

საკასაციო სხდომაზე ბუტკევიჩის ადვოკატმა მოითხოვა, საქმის მასალებს დამატებოდა უფლებადამცველის სატელეფონო ამონაწერი და ფრანგი ქალის ინტერვიუ. ორივე დოკუმენტი ადასტურებს, რომ ბუტკევიჩი სავარაუდო ქმედებების დროს კიევში იმყოფებოდა. სასამართლომ უარი თქვა მტკიცებულებების დასაშვებად ცნობაზე არგუმენტით,რომ ეს „მის კომპეტენციაში არ შედიოდა“.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ სასამართლომ ბუტკევიჩი დამნაშავედ ცნო მხოლოდ მისი "აღიარებითი ჩვენების" საფუძველზე და რომ საქმეში სხვა მტკიცებულება არ ყოფილა.

მაქსიმ ბუტკევიჩი არის უკრაინელი უფლებადამცველი და ჟურნალისტი, რომელიც სპეციალიზირებულია ლტოლვილთა უფლებების დაცვაში. ის მხარს უჭერდა მიგრაციის წესების შეცვლას რეპრესირებული ბელარუსებისთვის, რომლებიც ბელარუსიდან უკრაინაში გაიქცნენ 2020 წლის შემდეგ. ის ასევე არის Hromadske Radio-ს დამფუძნებელი.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International თვლის, რომ ბუტკევიჩის წინააღმდეგ ბრალდება შეთხზულია და კავშირშია რუსეთის ხელისუფლების სურვილთან, შური იძიოს მასზე მისი სამოქალაქო პოზიციისა და უფლებადაცვითი საქმიანობისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S