
მედია: რუსეთის სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სტრატეგიის ნაწილია
13/03/2024 14:32:46 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ 13 მარტს, რუსეთის სამ სხვადასხვა რეგიონზე დრონებით თავდასხმა უკრაინის სპეცოპერაცია იყო,- იტყობინება "უკრაინსკაია პრავდა" უსაფრთხოების სამსახურში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
წყარომ გამოცემას უთხრა, რომ 13 მარტს, დრონებით შეუტიეს რუსეთის სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას: ქალაქ რიაზანში, ქალაქ კსტოვოში (ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი) და ქალაქ კირიშიში (ლენინგრადის ოლქი).
მისი თქმით, ეს არის გათვლილ სტრატეგიის ნაწილი რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად, რომელიც სისტემატიურად ხორციელდება.
"ჩვენი ამოცანა მტრისთვის რესურსების შეზღუდვა – ნავთობის ფულისა და საწვავის ნაკადის შემცირება, რომელსაც აგრესორი პირდაპირ მიმართავს საომარ მოქმედებებსა და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობაში". - უთხრა წყარომ გამოცემას.
13 მარტს დრონების სამიზნე გახდა რუსეთის შვიდი ოლქი, მათ შორის, რიაზანის ოლქში ხანძარი გაჩნდა როსნეფტის შვილობილი კომპანიის ნავთობგადამამუშავებელ დაწესებულებაში. 12 მარტს დრონებით შეუტიეს რუსეთის 10 რეგიონს. შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ორ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ დაწესებულებაში. ამასთან, უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუს მოხალისეთა ქვედანაყოფებმა რუსეთის საზღვარი სამ რეგიონში გადაკვეთეს. იყო ბრძოლები.