
"აქ თქვენი არავის ეშინია" – ნაუსედამ ნავალნის მოკავშირეზე თავდასხმის შემდეგ პუტინს მიმართა
13/03/2024 14:16:55 მსოფლიო
ლიეტუვას პრეზიდენტი გინტარას ნაუსედა არ გამორიცხავს, რომ ვილნიუსში ლეონიდ ვოლკოვზე თავდასხმა კრემლის გავლენით მოხდა. ვოლკოვს, რომელიც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ახლო მოკავშირე იყო, თავს ვილნიუსში, საკუთარ საცხოვრებელთან 12 მარტს დაესხნენ.
„ეჭვგარეშეა, რომ ასეთი რამეები წინასწარ იგეგმება. მაგრამ მინდა განვმარტო: ხელისუფლება მოახდენს შეფასებას, ჩაატარებს გამოძიებას და, იმედი მაქვს, იპოვის დამნაშავეებს. და მინდა პუტინს მხოლოდ ერთი რამე ვუთხრა: აქ თქვენი არავის ეშინია“, - განაცხადა ნაუსედამ.
რუს პოლიტიკოსზე თავდასხმის შესახებ ცნობას გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისიც:
„ლეონიდზე თავდასხმის ცნობა შემაძრწუნებელია. მუშაობენ შესაბამისი ორგანოები. ბოროტმოქმედებს მოუწევთ, პასუხი აგონ საკუთარ დანაშაულზე“.
პოლიციის გენერალური კომისრის მოადგილემ, საულიუს ტამულიავიჩიუსმა LRT-ს უთხრა, რომ არსებობს ბოროტმოქმედების რამდენიმე ვერსია.
მისი თქმით, თავდამსხმელი ჯერ არ არის ნაპოვნი.
ნავალნის ყოფილი პრესმდივნის კირა იარმიშის თქმით, ვოლკოვს „მანქანის მინა გაუტეხეს და თვალებში შეასხეს ცრემლმდენი გაზი, რის შემდეგაც მას ჩაქუჩი ურტყეს“. ვოლკოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.