
კატარი იმედოვნებს, რომ ისრაელი და "ჰამასი" შეთანხმებას 9 აპრილამდე მიაღწევენ
13/03/2024 11:27:04 მსოფლიო
კატარი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ზავის შეთანხმება მიღწეული იქნება ისლამური წმინდა თვის რამადანის დასრულებამდე – 9 აპრილამდე.
"კატარი, რომელიც შუამავალია მოლაპარაკებებში მიისწრაფვის უბიძგოს ორ მხარეს, რომ მიაღწიონ შეთანხმებას", – განაცხადეს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
ისრაელმა ღაზას სექტორში პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "ჰამასის" წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, მოძრაობის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი მოკლეს და გაიტაცეს.
ისრაელის მონაცემებით, "ჰამასის" თავდასხმას, სულ მცირე, 1200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მძევლობაში 250-ზე მეტი პირი აღმოჩნდა . მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს.
"ჰამასის" მიერ მართული ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულია 30 700-ზე მეტი პალესტინელი. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო ღაზას სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. გაერო და მისი წევრი სახელმწიფოების ნაწილი ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებენ.