
"ყველა ზღვარს გასცდა!": სლოვაკეთში ქუჩაში გამოსულმა ასობით დემონსტრანტმა მთავრობა პრორუსულობაში დაადანაშაულა
13/03/2024 09:27:38 მსოფლიო
სულ მცირე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა სამშაბათს საღამოს ბრატისლავას ცენტრში, რათა გამოეხატა უკმაყოფილება ამჟამინდელი კოალიციის საგარეო პოლიტიკურ კურსთან, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის საკითხთან დაკავშირებით,– წერს DennikN.
პროტესტი სლოვაკეთის საზოგადოებრივმა ინიციატივამ „მშვიდობა უკრაინისთვის“ დააორგანიზა და აღნიშნა, რომ რობერტ ფიცოს მთავრობა რუსეთისთვის ხელსაყრელ საგარეო პოლიტიკას ატარებს, რაც ეწინააღმდეგება სლოვაკეთისა და ევროკავშირის ინტერესებს.
თავისუფლების მოედანზე აქცია საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სიგნალით დაიწყო.
გამომსვლელებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლების ზოგიერთი ქმედება „ყველა საზღვარს სცილდება“ და ქვეყნის სირცხვილია.
"პრორუსული რიტორიკა და პროპაგანდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიუღებელია და საფრთხეს უქმნის ჩვენს ინტერესებსა და მომავალს“, - აღინიშნა აქციაზე.
მათ გაიხსენეს, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა ხელის ჩამოართვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, ჩეხეთმა შეწყვიტა მთავრობათაშორისი კონსულტაციები სლოვაკეთთან რუსეთის ფედერაციის საკითხზე ორ დედაქალაქს შორის უთანხმოების გამო.
გასულ კვირას, სლოვაკეთის ულტრამემარჯვენე სახალხო პარტიის (SNS) ლიდერმა ანდრეი დანკომ, რომელიც სამთავრობო კოალიციის ნაწილია, განაცხადა, რომ რუსეთი "არ არის აგრესორი" უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში" და რომ "საკუთარ ინტერესებს იცავს“.
პრემიერ-მინისტრი ფიცო თავის გუნდთან ერთად 2023 წლის ოქტომბერში მოვიდა ხელისუფლებაში. მას შემდეგ სლოვაკეთის მთავრობა მწვავედ აკრიტიკებს ევროპის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების საკითხს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.ფიცოს მთავრობა ემხრობა რუსეთთან კავშირების განახლებას.